აზარტული თამაშები

ხუციშვილი: კაზინოების საგადასახადო ტვირთი საკმაოდ გაიზრდება, რეკლამები სრულად აიკრძალება

ეს ინიციატივა სათამაშო ბიზნესის მიმართ ახალი რეგულაციების შემოღებას გულისხმობს, რომლის მიზანი აზარტული თამაშების მიმართ მიმზიდველობისა და ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად შემცირებაა. 

პირველი ეტაპი, რომელზეც ერთ კვირაში ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს გეგმას, საგადასახადო დასაბეგრი ბაზის სრულ ცვლილებას გულისხმობს, როგორც რაოდენობრივ, ასევე სტრუქტურულ ჭრილში. წარმოდგენილი იქნება აბსოლუტურად განსხვავებული დაბეგვრის მოდელი, რომელიც გაჟღერებულ პრინციპებთან იქნება შესაბამისობაში. 

მეორე მხრივ, იქნება გარკვეული ცვლილებები, რომელიც ერთიანი ასაკობრივი ზღვრის შემოღებას და რეკლამების აკრძალვას გულისხმობს, რომელიც ხელს უწყობს მიმზიდველობისა და ხელმისაწვდომობის მიმართულებით შეზღუდვების დაწესებას.  ეს არის ის ჩარჩო, რომელიც არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული ამ სექტორთან მიმართებით და აქ ახალი არაფერი არ არის, ეს სექტორი თითქმის ყველა ქვეყანაში ძალიან მკაცრადაა დარეგულირებული.

ეს რეგულაცია რეკლამების პრაქტიკულად აკრძალვას გულისხმობს, ერთი ნაწილია მხოლოდ დარჩენილი, რაც ეხება სპონსორობას და სხვა არაფერს.

რაც შეეხება გადასახადებს, აქ არა ერთი კონკრეტული გადასახადის, არამედ სრული საგადასახადო სტრუქტურის ცვლილებაზეა საუბარი, დასაბეგრი ბაზის აბსოლუტურად სხვა მოდელი იქნება შემოთავაზებული. სხვა მოდელი იქნება როგორც მოგების, ასევე ფსონების მიმართულებით. შემოვა ე.წ. GGR-ის დაბეგვრის მოდელი, რომელიც ფსონებს შორის განსხვავების დაბეგვრას გულისხმობს.

აღნიშნული დაბეგვრის მოდელით საგადასახადო ტვირთი იქნება საკმაოდ მაღალი და ეს შეამცირებს სათამაშო სექტორის მიმზიდველობას.

ამბობს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი აზარტული თამაშების სექტორთან დაკავშირებით. 

პრემიერმინისტრის თქმით, პირველ ეტაპზე ონლაინ კაზინოების გადასახადები უნდა გაიზარდოს, მეორეზე კი ონლაინ კაზინოები საერთოდ უნდა აიკრძალოს. 
 

კომენტარები