აზარტული თამაშები

პარლამენტმა აზარტული თამაშების შეზღუდვის კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა აზარტული თამაშების შეზღუდვის კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა. პროექტი, აზარტულ თამაშობებზე დამოკიდებული პირის და აკრძალული პირის ცნების განსაზღვრას და მოთამაშის 25 წლამდე ასაკის აწევას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, 2022 წლის მარტიდან ასევე აიკრძალება აზარტული თამაშების რეკლამაც.

"კანონპროექტის მიზანია, რომ მაქსიმალურად შეეზღუდოს წვდომა იმ რისკ ჯგუფებს და იმ სეგმენტს, რომელიც არის ძალიან მოწყვლადი და არ მოხდეს წახალისება ამ სექტორის და ამ ბიზნესის. ძალიან მიკვირს, როდესაც უნდათ ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა. იმისთვის, რომ ტელევიზიების ინტერესი ყოფილიყო გათვალისწინებული, შევეცადეთ მაქსიმალურად მიგვეცა ის მოცემულობა და ის დრო, რომელიც გარემოებებიდან გამომდინარე შესაძლებელი იყო". – თქვა კანონპროექტის ავტორმა, დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

15 დეკემბერს პარლამენტმა აზარტული თამაშების შეზღუდვის საკითხს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.  საქართველოს მთავრობა აზარტული თამაშების სფეროს მკაცრად დარეგულირებას, ონლაინ კაზინოების შეზღუდვას და გადასახადების გაზრდას გეგმავს. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აზარტული თამაშების კომპანიებს რეკლამის განთავსების უფლება სრულად შეეზღუდებათ, 25 წლამდე ასაკის პირებს კი – თამაშის უფლება. 

კომენტარები