აზარტული თამაშები

ღარიბაშვილი: აზარტული თამაშების ბიზნესს ხელშეწყობა ექნება

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აზარტული თამაშების სექტორთან და ე.წ. ლენდ კაზინოებთან განსხვავებული მიდგომა აქვთ და ამ ბიზნესს სამომავლოდ ექნება ხელშეწყობა, რათა მისი პოტენციალი კიდევ უფრო განვითარდეს.

"ეს ინიციატივა არა სექტორის შეფერხებას, არამედ ჩვენს მოქალაქეებზე, ჩვენს ახალგაზრდებზე, მომავალ თაობებზე ზრუნვას ნიშნავს. რაც შეეხება სექტორს და ე.წ. ლენდ კაზინოებს, ჩვენ აქ განსხვავებული მიდგომა გვაქვს. ბიზნესს ექნება ხელშეწყობა და სტიმულირება, რათა ეკონომიკური აქტივობა და ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს.

მაგალითისთვის, ჩემი ინიციატივით, გონიოში ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, რომელიც 300 ჰექტარს მოიცავს, სპეციალურ ეკონომიკურ ზონას შევქმნით, სადაც ახალი ფინანსური ცენტრიც აშენდება და ტერიტორიაზე სასტუმროები და კაზინოებიც განთავსდება. აღნიშნული პროექტის განხორციელება უკვე 2022 წლიდან გვინდა დავიწყოთ", - თქვა ღარიბაშვილმა.

აზარტული თამაშების რეგულირების კანონპროექტს საქართველოს პარლამენტმა უკვე 2 მოსმენით დაუჭირა მხარი. საქართველოს მთავრობა აზარტული თამაშების სფეროს მკაცრად დარეგულირებას, ონლაინ კაზინოების შეზღუდვას და გადასახადების გაზრდას გეგმავს. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აზარტული თამაშების კომპანიებს რეკლამის განთავსების უფლება სრულად შეეზღუდებათ, 25 წლამდე ასაკის პირებს კი – თამაშის უფლება. 

კომენტარები