აზარტული თამაშები

როგორ ზღუდავს მთავრობა აზარტულ თამაშებს და რა შემოსავალს იღებს ბიუჯეტი კაზინოებიდან?

საქართველოს მთავრობა აზარტული თამაშების სფეროს მკაცრად დარეგულირებას, ონლაინ კაზინოების შეზღუდვას და გადასახადების გაზრდას გეგმავს. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აზარტული თამაშების კომპანიებს რეკლამის განთავსების უფლება სრულად შეეზღუდებათ, 25 წლამდე ასაკის პირებს კი – თამაშის უფლება. 

"პირველ ეტაპზე ჩვენ ვფიქრობთ, ონლაინ კაზინოებისთვის გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი და მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები". – თქვა ღარიბაშვილმა. 

გარდა პირდაპირი შეზღუდვებისა, ფინანსთა სამინისტრო დაბეგვრის სისტემის შეცვლას და კაზინოებზე საგადასახადო წნეხის მნიშვნელოვნად გაზრდასაც გეგმავს.

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, გეგმა, რომელიც პარლამენტს ერთ კვირაში წარედგინება, მიზნად ისახავს აზარტული თამაშების სფეროს მიმზიდველობისა და ხელმისაწვდომობის შეზღუდვას, რაც კაზინოებსა და სამორინეებზე მოთხოვნის და, შესაბამისად, კომპანიების შემოსავლიანობის შემცირებას გამოიწვევს. 

უკანასკნელ წლებში საქართველოში აზარტული თამაშების ინდუსტრია მაღალი ტემპით იზრდება, კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს საერთო ბრუნვის მოცულობამ 6 მილიარდი ლარი შეადგინა, 2020 წელს კი – 32.1 მილიარდი ლარი. 

3 წელიწადში დაფიქსირებული თითქმის 430%-იანი ზრდა უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია, რომელიც, ძირითადად, ონლაინ კაზინოებზე გაზრდილი მოთხოვნითაა განპირობებული. 
მთავრობის გეგმა კი აზარტული თამაშების სწორედ ამ ახალი და მზარდი სეგმენტის შეზღუდვას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით სათამაშო ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად დარეგულირებული სფეროა, აზარტული თამაშების კომპანიები არაერთი სახის გადასახადს იხდიან, კერძოდ, მოგების, საშემოსავლოს, დღგ-ს, ქონების და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს.

საერთო ჯამში, გადასახადებითა და ჯარიმებით აზარტული თამაშების კომპანიებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად, დაახლოებით, 300-400 მილიონი ლარი შედის. 

გარდა ამისა, აზარტული თამაშების სექტორი საქართველოში 11 000-მდე მოქალაქეს ასაქმებს, დაქირავებულთა საშუალო ხელფასი კი 2 000 ლარს აღწევს.

მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლიდან დღემდე ბიზნესის ბრუნვა თითქმის 430%-ით გაიზარდა, გადასახადებიდან მიღებული თანხის მოცულობა არსებითად არ შეცვლილა, რაც რიგი ფაქტორებითაა გამოწვეული. 

კომპანიების შემოსავლების ზრდასა და გადასახადების მოცულობას შორის არსებული არაპროპორციული მიმართების განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საკანონმდებლო ჩარჩოა. რეგულაციების დიდი ნაწილი ფიზიკურ დაწესებულებებზე, სამორინეებსა და სლოტ კლუბებზეა მორგებული და არა ონლაინ კაზინოებსა და ციფრულ სერვისებზე.  

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, გამკაცრებული რეგულაციები აზარტული თამაშების კომპანიების შემოსავლიანობაზე ნეგატიურად აისახება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი 18-დან 24 წლამდე მოსახლეობისთვის თამაშის უფლების შეზღუდვაა, რადგან ამ ასაკის მოქალაქეთა რაოდენობა საქართველოში 280 000-ს აღწევს.

მიუხედავად ამისა, ლაშა ხუციშვილი ფიქრობს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ზარალი არ მიადგება, რადგან კომპანიების შემცირებულ შემოსავლებს გაზრდილი გადასახადები დააბალანსებს. 

ჯერჯერობით, უცნობია, ზუსტად როგორ დარეგულირდება აზარტული თამაშების სფერო, თუმცა, სავარაუდოა, რომ აკრძალვის შემთხვევაში მომხმარებელთა დიდი ნაწილი საერთაშორისო ონლაინ კაზინოებს მიმართავს და ის თანხა, რომელსაც ქართული კომპანიები და ქვეყნის ბიუჯეტი იღებდა, VPN-ის საშუალებით სხვა ქვეყნებში გადაინაცვლებს, ამით კი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემა არ გადაიჭრება, საქართველოს ეკონომიკა კი დაზარალდება. 

წყარო: საქსტატი

 

კომენტარები