COVID 19

AstraZeneca-ს ერთ-ერთი შემქმნელი: შესაძლოა შემდეგი პანდემია უფრო მომაკვდინებელი იყოს

AstraZeneca-ს ვაქცინის ერთ-ერთი შემქმნელი, პროფესორი სარა გილბერტი საზოგადოებას აფრთხილებს, რომ შემდეგი პანდემია შესაძლოა კიდევ უფრო მომაკვდინებელი იყოს. მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა მოახერხოს კორონავირუსის დროს მიღებული გამოცდილების გამოყენება.

"ეს არ იქნება უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც ვირუსი ჩვენს სიცოცხლეს და კაცობრიობას დაემუქრება. სიმართლე ის არის, რომ შემდეგი პანდემია შესაძლოა გაცილებით უარესი იყოს. უფრო გადამდები, უფრო მომაკვდინებელი, ან ორივე ერთად. ჩვენ აუცილებლად უნდა დავხარჯოთ თანხები კვლევებში, ინსტიტუტებსა და მედიკამენტების წარმოებაში". - თქვა გილბერტმა.

რაც შეეხება ომიკრონის შტამს, გილბერტმა აღნიშნა, რომ ახალი შტამის წინააღმდეგ ვაქცინის ან ვირუსის გადატანის შედეგად გამომუშავებული ანტისხეულები, შესაძლოა ნაკლებად ეფექტური იყოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ახალ შტამს უფრო მწვავე მიმდინარეობა ექნება. ასევე, გილბერტმა აღნიშნა, რომ მეცნიერებს ომიკრონის მოქმედების სრული ანალიზისთვის კიდევ 3 კვირა დასჭირდებათ.

მსოფლიოს ქვეყნები შტამ ომირკონის საეჭვო შემთხვევებს იკვლევენ. დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ბელგია, დანია, ისრაელი, ავსტრალია, ჩეხეთი იმ ქვეყანათა შორის არიან, რომლებმაც უკვე დაადასტურეს შტამ ომიკრონით ინფიცირების შემთხვევები.

ქვეყნები ახალი შტამით ინფიცირების პრევენციის მიზნით უკვე აწესებენ შეზღუდვებს. ისრაელის მთავრობამ ომირკონის გავრცელების თავიდან ასაცილებლად 2 კვირით უცხოელი მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტა. შეზღუდვები ასევე დააწესა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბრაზილიამ, კანადამ, ავსტრალიამ და ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ.

შტამ ომიკრონის გავრცელების გამო აფრიკის 8 ქვეყნიდან საზღვრის კვეთაზე რეგულაციები დააწესა საქართველოს მთავრობამაც.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) მიიჩნევს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი შეშფოთებას იწვევს. სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გავრცელებული შტამი უკიდურესად დიდი რაოდენობის მუტაციებს შეიცავს და მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული ვარიანტებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.  მიუხედავად ამისა, ჯანმო ქვეყნებს აფრთხილებს, რომ ნაჩქარევად არ შემოიღონ მოგზაურობაზე შეზღუდვები და "რისკის შეფასებისა და სამეცნიერო მიდგომაზე დაფუძნებული მიდგომით" იხელმძღვანელონ.

Pfizer/BioNTech-ის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსის ახალი ვარიანტის, ომიკრონის წინააღმდეგ ვაქცინა არაეფექტიანი აღმოჩნდება, კომპანიას შეძლებს 100 დღეში ვაქცინის განახლებული ვერსია შეიმუშაოს და მისი მიწოდებისთვის მზად იყოს. ომიკრონის ვაქცინაზე მუშაობას კომპანია Novavax-იც.

კომენტარები