COVID 19

150 ლარის სანაცვლოდ Covid-19-ზე აცრის ყალბი ბარათის დამზადებისთვის ექთანი დააკავეს

თბილისში კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადებისთვის სამედიცინო დაწესებულების ექთანი და კიდევ ერთი პირი დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მათ მოქალაქეს 150 ლარის სანაცვლოდ COVID-19 აცრის ყალბი ბარათი დაუმზადეს და ის ოფიციალურ ბაზაში ვაქცინირებულად დაარეგისტრირეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ექთანმა, რომელიც თავისი უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, ახდენდა მოქალაქეთა კოვიდ-ვაქცინაციას,  უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მასთან  დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან ერთად, მოქალაქეს გამოართვა 150 ლარი, რის სანაცვლოდაც, აცრის შესაბამისი პროცედურის განხორციელების გარეშე, დაამზადა COVID-19 აცრის ყალბი ბარათი, თითქოსდა მოქალაქე აიცრა Pfizer-ის ვაქცინით. 

ამავდროულად, ბრალდებულებმა, ყალბი ბარათის საფუძველზე, მოქალაქე დაარეგისტრირეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ბაზაში, როგორც ვაქცინირებული პირი" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

კომენტარები