ზაზა სარალიძე

"თუ სარალიძის პოსტი ავთენტურია, ჩემი გინებაც ავთენტურად ჩათვალეთ" – ღარიბაშვილის ცოლისძმა

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმა და პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ალექსანდრე თამაზაშვილი სიტყვიერ შეურაცხყოფაზე 2017 წელს მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. თამაზაშვილი წერს, რომ თუ პოსტი, რომელიც სარალიძემ პრემიერ ღარიბაშვილზე დაწერა, ავთენტურია, "მაშინ ჩემი გინებაც ავთენტურად ჩათვალეთ". 

სარალიძის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის ინფორმაციით, იმ ადამიანებს შორის, რომლებიც სარალიძეს შეურაცხმყოფელ და მუქარის მესიჯებს უგზავნიან, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმა - ალექსანდრე თამაზაშვილია. შეტყობინების ე.წ. სქრინი ლონდარიძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში აჩვენა. 

ფოტო - ტელეკომპანია პირველი

30 ნოემბერს ზაზა სარალიძემ თქვა, რომ კორონავირუსით მისი ახლობლების გარდაცვალებისა და ეპიდსიტუაციის ცუდად მართვის გამო ირაკლი ღარიბაშვილმა მისი გაღიზიანება გამოიწვია, მასზე დაწერილი კრიტიკული პოსტების შემდეგ კი ხალხი მიუგზავნეს და ცოლ-შვილის გაუპატიურებით დაემუქრნენ.  

"დღეს კიდევ ერთი ბიძა დავასაფლავე, გამზრდელი ბიძა, რის გამოც დაიმსახურა ღარიბაშვილმა ჩემი შეურაცხყოფა და დაიმსახურებს ყოველთვის. რამდენი ადამიანიც გარდაიცვლება დღეში კოვიდით, ეს არის პირდაპირ ღარიბაშვილის პასუხისმგებლობა. ღარიბაშვილი არის ერთი დიდი ოჯახის ხელმძღვანელი - რომელ ოჯახშიც ხელმძღვანელის დაუდევრობით ადამიანი კვდება ვის კისერზეა? რა თქმა უნდა, ოჯახის მმართველის და ოჯახის უფროსის კისერზე.  

ძალიან ბევრი ნათესავი დავკარგე, მამიდაშვილი დავკარგე, ამან გამოიწვია ჩემი გაღიზიანება ღარიბაშვილის მიმართ და იმის მაგივრად, რომ ჩემთვის ეკითხათ, რა მოხდა, ვიღაცები მომიგზავნეს და ცოლ-შვილის გაუპატიურებით და რაღაცებით მემუქრებიან. ყველა არანორმალურები არიან". - თქვა მან ტელეკომპანია პირველთან. 

კომენტარები