ვაქცინაცია საქართველოში

788 000-მა პირმა COVID 19 ოფიციალურად გადაიტანა, მათ უკვე მიენიჭათ უვადო მწვანე სტატუსი

დღეიდან, პირველი დეკემბრიდან, საქართველოში მწვანე პასპორტების სისტემა ამოქმედდა. ე.წ მწვანე ბარათის აღება შეუძლია ყველას, ვინც არის ორჯერ აცრილი ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. გარდა ამისა, მოქალაქეებს 72-საათიანი მწვანე სტატუსი მიენიჭებათ PCR ტესტის ჩატარების შემთხვევაში, ხოლო 24-საათიანი - ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარებისას.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში Covid-გადატანილებს მუდმივი მწვანე სტატუსი მიენიჭათ და ექვსთვიანი ჩამკეტი, რომელიც ევროპაშია, არ იმოქმედებს. 30 ნოემბრის მონაცემებით, კორონავირუსისგან უკვე გამოჯანმრთელდა 788 000 ადამიანი და მათ ავტომატურად უკვე აქვთ უვადო მწვანე სტატუსი. კოვიდგადატანილებს მწვანე სტატუსის მიღება ინფექციის დადასტურებიდან 14 დღის შემდეგ შეუძლიათ.

მოქალაქეები მხოლოდ მწვანე პასპორტით შეძლებენ შესვლას კვების ობიექტებში (რესტორნების და კაფე-ბარების ღია და დახურული სივრცეები), კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში, ასევე, სამთო კურორტების საბაგირო გზებზე. აღსანიშნავია, რომ მწვანე პასპორტებს მხოლოდ ობიექტების სტუმრებს მოსთხოვენ, დასაქმებულ პერსონალს  - არა.

მწვანე სტატუსის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისა და ტურისტებისთვის.

კომენტარები