პოლიტიკური კრიზისი

წითლიძის თქმით, პოლიციის მიერ მოტეხილ თითზე ორი თვით ფიქსატორი და ოპერაცია დასჭირდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ანა წითლიძის ინფორმაციით, ზუგდიდში დაპირისპირებისას პოლიციის მიერ მოტეხილ თითზე ორი თვით ფიქსატორი და ოპერაცია დასჭირდება.

"ორივე თვე ფიქსატორი და მერე ოპერაცია. არა უშავს, ცხრა თითითაც ვიბრძოლებ". – წერს წითლიძე Facebook-ზე.

ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში, ოპოზიციის პროტესტის ფონზე, წინა მოწვევის დეპუტატებმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტები დაამტკიცეს. 26 ნოემბრის დილიდან ორივე ქალაქში საკრებულოების სხდომები ოპოზიციური პარტიების პროტესტისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. პოლიციამ ზუგდიდში 2, ხოლო ბათუმში 4 პირი დააკავა. დეპუტატ ანი წითლიძის ცნობით, დაპირისპირებისას მას სამართალდამცველებმა თითი მოსტეხეს.

როგორც წესი, ბიუჯეტის პროექტებს ახალი მოწვევის საკრებულოები დეკემბერში ამტკიცებენ, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქალაქებში ქართულმა ოცნებამ საკრებულოებში უმრავლესობა დაკარგა, ბიუჯეტი დაჩქარებული წესით, ნოემბრის ბოლოს ძველი მოწვევის დეპუტატებს დაამტკიცებინეს, ცესკომ კი ახალი მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომები ყველა ქალაქში 3 დეკემბერს ჩანიშნა

ზუგდიდის მერის, მამუკა წოწერიას თქმით, დამტკიცებული ბიუჯეტით მერისა და მერის მოადგილეების ხელფასები "გაზრდილია სადღაც 1 000 ლარიდან".

კომენტარები