პოლიტიკური კრიზისი

მელია ბათუმსა და ზუგდიდზე: რაც უფრო მეტ სისულელეს გააკეთებენ, უფრო სწრაფად დასრულდებიან

ტაბულა

"რაც უფრო მეტ ასეთ სისულელეს გააკეთებენ, მით უფრო უარესი მათთვის და მით უფრო სწრაფად დასრულდებიან" – თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოს მიერ 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ ბათუმში ჩავიდა.

"რა არ უნახავს ამ სახელმწიფოს, მაგრამ გადარჩეული საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი ნამდვილად არ გვინახავს. გადარჩეული, ანუ არარსებული საკრებულო ამტკიცებს მთავარ დოკუმენტს, თვითმმართველობის წლის ბიუჯეტს. ბიუჯეტი როდესაც მტკიცდება, ისე კი არ უნდა გაიგოს ვინმემ, რომ სადღაც მათი შეხედულებებისამებრ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს გეგმავენ და ამაზე მოარგეს ბიუჯეტი, ან ბათუმელების საჭიროებებს მოარგეს. არა, ასე ნურავინ ნუ გაიგებს. ამასთან არანაირი შეხება არ აქვს. უბრალოდ არის წინასაარჩევნოდ აღებული ვალდებულებების გასტუმრების დრო". – თქვა ნიკა მელიამ.

ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში, ოპოზიციის პროტესტის ფონზე, წინა მოწვევის დეპუტატებმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტები დაამტკიცეს. 26 ნოემბრის დილიდან ორივე ქალაქში საკრებულოების სხდომები ოპოზიციური პარტიების პროტესტისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. პოლიციამ ზუგდიდში 2, ხოლო ბათუმში 4 პირი დააკავა. დეპუტატ ანი წითლიძის ცნობით, დაპირისპირებისას მას სამართალდამცველებმა თითი მოსტეხეს.

როგორც წესი, ბიუჯეტის პროექტებს ახალი მოწვევის საკრებულოები დეკემბერში ამტკიცებენ, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქალაქებში ქართულმა ოცნებამ საკრებულოებში უმრავლესობა დაკარგა, ბიუჯეტი დაჩქარებული წესით, ნოემბრის ბოლოს ძველი მოწვევის დეპუტატებს დაამტკიცებინეს, ცესკომ კი ახალი მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომები ყველა ქალაქში 3 დეკემბერს ჩანიშნა

ზუგდიდის მერის, მამუკა წოწერიას თქმით, დამტკიცებული ბიუჯეტით მერისა და მერის მოადგილეების ხელფასები "გაზრდილია სადღაც 1 000 ლარიდან".

კომენტარები