სახალხო დამცველი

ბოკერია: ივანიშვილის რეჟიმში ლოგიკურია, რომ სამიზნედ ამორჩეული ჰყავთ სახალხო დამცველი

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, ლოგიკურია, რომ "ივანიშვილის რეჟიმის პირობებში" მმართველი პარტიის ლიდერებს სამიზნედ ამორჩეული ჰყავთ სახალხო დამცველი იმის გამო, რომ ის თავის მოვალეობას ასრულებს.

"კობახიძე და ღარიბაშვილი ყველა ეტაპზე ყველაზე უფრო სამარცხვინო ნაწილი იყვნენ ზოგადად სამარცხვინო ივანიშვილის გარემოცვისა და ახლა ეს ადამიანები არიან განმსაზღვრელი არა მარტო პოლიტიკური ტონალობისა, იმიტომ, რომ მათ მიანიჭა ეს ფუნქცია ივანიშვილმა, არამედ იმაზეც, საერთოდ ქვეყანა სად წავა. ამაზე მძიმე დიაგნოზი რა შეიძლება იყოს. ის, რომ ამ ადამიანებს ამ სამარცხვინო ფორმით სამიზნედ ჰყავთ ამორჩეული სახალხო დამცველი, იმის გამო, რომ ეს ადამიანი თავის მოვალეობას ასრულებს,
აბსოლუტურად ლოგიკურია ასეთი რეჟიმის პირობებში". – თქვა გიგა ბოკერიამ.

მას შემდეგ, რაც ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექსპერტების ჯგუფმა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობაზე დასკვნა გამოაქვეყნა, ქართული ოცნების წევრები ლომჯარიას აკრიტიკებენ და "ნაციონალების დამცველს" უწოდებენ. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი თქვა, რომ "ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა FAKE-ია, შეიძლება, მოჰყვეს პასუხისმგებლობა".

23 ნოემბერს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ის იზიარებს სახალხო დამცველის შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადებას და ხშირად, ნინო ლომჯარიას პოზიციები არ ასახავს რეალობას.

კომენტარები