მიხეილ სააკაშვილი

ოცნების დეპუტატი ომბუდსმენზე: ნაციონალების დამცველია, სახალხო დამცველი არ არის

ვიქტორ ჯაფარიძე

"ნაციონალების დამცველია, სახალხო დამცველი არ არის". - ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიაზე საუბრისას. 

"კონკრეტულად რა მანიპულაცია სჭირდება და რას ვერ უკეთებენ? რამე სჭირდება და არ უკეთებენ? დაიწყოს მერე ჭამა, უნდა დაიწყოს ჭამა. ყველა პატიმარმა რომ შიმშილი დაიწყოს და მოითხოვოს, გადამიყვანეთო, რა არის? არაჩვეულებრივი პატიმარია? მერე რა [რომ ექსპრეზიდენტია] საქართველოს მე-3 პრეზიდენტია, რომელსაც უამრავი დანაშაული მიუძღვის ჩვენი ერის წინაშე. ძალიან ბევრი დანაშაული. სახალხო დამცველის დასკვნას არ ვენდობი, მაქვს ამის უფლება. იმიტომ, რომ ძალიან ბევრ საკითხებზე არ ამოუღია ხმა სახალხო დამცველს. იცით, ვინ შიმშილობს? ელენე ხოშტარია. [მიხეილ სააკაშვილის] ათასნაირი გადაპრანჭული შიმშილობა, კარგით, რა..." - ამბობს ჯაფარიძე მთავართან ინტერვიუში.  

17 ნოემბერს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოს შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. ექიმთა ჯგუფმა სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად შეაფასა და, მათივე დასკვნით, გლდანის ციხის კლინიკა მიხეილ სააკაშვილის მსგავს კრიტიკულ პაციენტს ვერ უმკურნალებს, მიუხედავად იმისა, რომ "დაწესებულება ცუდად აღჭურვილი არ არის". 

"ორი კვირის წინ არის გახსნილი სპეციალური რეანიმაციული ოთახი, რომელიც არის საკმაოდ თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი, გადმოყვანილი არის მორიგე ბრიგადა რესპუბლიკური საავადმყოფოდან, ყოველდღე მორიგეობს ერთი ექიმი ზოგადი პროფილის, ან თერაპევტი, ან ქირურგი, ერთი რეანიმატოლოგი და ერთი ექთანი რეანიმაციის განყოფილებაში. ანუ, სულ გადმოყვანილია 5 რეანიმატოლოგი, 1 დღის და 4 ღამის. აღჭურვილი არის კარგად, მაგრამ ვთვლით, რომ ეს დაწესებულება არ არის მზად იმისთვის, რომ ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს გაეწიოს სათანადო მკურნალობა". - ამბობს ექიმი გიორგი გრიგოლია. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 49-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტის შენობაში დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია შიმშილობს. ასევე, საკანონმდებლო ორგანოში შიმშილობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 9 დეპუტატი. პროტესტის ამ ფორმას მიმართავს პარტიის წევრი, გია ბარამიძეც. სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ და შიმშილობენ ენმ-ს დეპუტატები ფოთშიზუგდიდსა და რუსთავში.  

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ იგი შიმშილობას შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესზე მისცეს.

კომენტარები