ფეხბურთი

კარიმ ბენზემა სასამართლომ თანაგუნდელის შანტაჟში დამნაშავედ ცნო

Managing Madrid

საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის რეალის ფეხბურთელი კარიმ ბენზემა ვერსალის სასამართლომ თანაგუნდელის შანტაჟში დამნაშავედ ცნო. 

ცნობილ ფეხბურთელს სასამართლომ 12-თვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა. ბენზემას ასევე 75 000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდაც მოუწევს.

საფრანგეთის ნაკრების წევრს, მატიე ვალბუენას, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოთი აშანტაჟებდნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბენზემა თანაგუნდელზე ზეწოლას ახდენდა და დამნაშავეებისთვის ფულის გადახდას სთხოვდა. 2015 წლის ნოემბერში ფეხბურთელი პოლიციამ დააკავა. საქმეში ფრანგი თავდამსხმელის გარდა, ნაკრების ყოფილი წევრის, ფეხბურთელ ჯიბრილ სისეს სახელიც ფიგურირებდა, სისეს ბრალდება 2021 წლის იანვარში მოუხსნეს. 

დაკავებიდან ერთ თვეში საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ბენზემას ეროვნული ნაკრებიდან დისკვალიფიკაცია მისცეს. თავდამსხმელი ნაკრებში 5-წლიანი პაუზის შემდეგ, 2021 წელს დაბრუნდა და ევროპის ჩემპიონატზე 4 გოლი გაიტანა. 

კარიმ ბენზემა ფრანგი თავდამსხმელია. 2009 წლიდან დღემდე თამაშობს მადრიდის რეალში. 2007 წლიდან არის ეროვნული ნაკრების წევრი. კარიერის განმავლობაში გატანილი აქვს 300-ზე მეტი გოლი. მატიე ვალბუენამ სანაკრებო კარიერა 2015 წელს დაასრულა, შემტევი ნახევარმცველი ამჟამად ბერძნული ოლიმპიაკოსის ღირსებას იცავს.

კომენტარები