2021 წელს გარდაცვლილები

95 წლის ასაკში მხატვარი ლევან ცუცქირიძე გარდაიცვალა

ჩემი იმერეთი

95 წლის ასაკში ფერმწერი, გრაფიკოსი და პედაგოგი ლევან ცუცქირიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ქართული სახვითი მუზეუმი ადასტურებს.

ლევან ცუცქირიძე დაიბადა ქალაქ ხაშურში 1926 წელს. 1957 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის, ფერწერისა და გრაფიკის ფაკულტეტი. 1960-1963 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა იქვე, ფერწერის კათედრაზე. 1967-1975 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხატვის კათედრის დოცენტად. 1990 წელს მიიღო პროფესორის წოდება.1975-2005 წლებში იყო სამხატვრო აკადემიის პროფესორი.

1960-იანი წლების შუა წლებში ცუცქირიძემ შექმნა ილუსტრაციები შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნისთვის. ამ ილუსტრაციებით პოემა ორგზის გამოიცა გერმანიაში. შექმნილი აქვს ილუსტრაციები იაკობ ცურტაველის, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის, ალექსანდრე ყაზბეგის და გრიოგოლ ორბელიანის თხზულებებისთვის. მის მიერ შესრულებული ვრცელი პანოებით არის გაფორმებული ფოთის საზღვაო პორტის ადმინისტრაციული შენობა. 1980-იანი წლების ბოლოს მოხატა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი.

2016 წელს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა ხელოვნების ქურუმის წოდება.

კომენტარები