მიხეილ სააკაშვილი

ჰარცელი: მოვუწოდებ ყველას, სწრაფად იმოქმედონ სტრასბურგის გადაწყვეტილების შესრულებისთვის

კარლ ჰარცელი
@CarlHartzellEU

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი მიესალმება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით დროებითი ზომის მიღებაზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილებას.

"სტრასბურგის გადაწყვეტილებას, შეასრულოს თავისი როლი ამ საკითხში, ძალიან მივესალმები. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია და იმედია, ეს იქნება დამაიმედებელი პირველი ნაბიჯი მოვლენების უფრო შეთანხმებული განვითარებისა" – თქვა ჰარცელმა.

ჰარცელის შეფასებით, სტრასბურგის გადაწყვეტილების მიერ დაყენებული მოთხოვნები, რომლებიც მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილის შეწყვიტოს შიმშილობა, მოუწოდებს მთავრობას უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და გაუწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება შიმშილობის შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდში და ასევე შეატყობინოს სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, არის ბალანსირებული მიდგომა. ევროკავშირის ელჩი ყველას მოუწოდებს სცენ გადაწყვეტილებას პატივი.

"მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ ამ გადაწყვეტილებას და იმოქმედონ რაც შეიძლება სწრაფად, რათა ის შესრულდეს." – თქვა ჰარცელმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი ძალიან ახლოდან აკვირდება მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ყურადღებით უსმენს სამედიცინო კონსილიუმის, სახალხო დამცველის და სახელმწიფო ინსპექტორის შეფასებებს.


მიხეილ სააკაშვილი 42-ე დღეა შიმშილობს. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ექსპრეზიდენტმა გლდანის ციხეში შესვლისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა. ამასთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით დროებითი ზომის მიღებაზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა

კომენტარები