მიხეილ სააკაშვილი

ჰარცელი: მხედველობაში ვიღებთ, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში მოხვდა შეურაცხმყოფელ გარემოში

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროკავშირი კვლავ შეშფოთებულია  სააკაშვილის მდგომარეობისა და ჯანმრთელობის უეცარი და შეუქცევადი გაუარესების რისკების გამო. ამის შესახებ მან ინტერპრესნიუსთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში შეურაცხმყოფელ გარემოში მოხვდა და ევროკავშირი ამ ფაქტს "მხედველობაში მიიღებს". 

"ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, აღვნიშნავთ, რომ სამედიცინო კონსილიუმის რეკომენდაციები ჯერ სრულად არ შესრულებულა და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ამ რეკომენდაციების სრულად შესრულება უზრუნველყოს.

რაც შეეხება მისი, როგორც პატიმრის უფლებების დაცვას, მხედველობაში ვიღებთ, რომ ბატონი სააკაშვილი გლდანის ციხეში მოხვდა შეურაცხმყოფელ გარემოში, სადაც ემუქრებოდნენ და ის ამტკიცებს, რომ მისი გადაყვანა მოხდა მოტყუებით და ძალადობრივად. ასევე აღვნიშნავთ, რომ ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ბატონი სააკაშვილის ციხეში ყოფნის ამსახველი ვიდეოები და პირადი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები. ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად აღებული ვალდებულებების სრულად შესრულება".- ამბობს ჰარცელი IPN-ის ცნობით. 

მისივე თქმით, მხედველობაში მიიღებენ იმ ვითარებასაც, რომ სააკაშვილს არ მიეცა თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესზე პირადად დასწრების უფლება. 

"შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად, ყველას, ვისაც სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალი ედება, რიგ მინიმალურ უფლებებს შორის, უფლება აქვს თავი დაიცვას პირადად ან მის მიერ არჩეული სამართლებრივი დახმარების საშუალებით".- ამბობს ჰარცელი და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, უზურნველყონ სააკაშვილის დასწრება პროცესებზე. 

ჰარცელი ამბობს, რომ  ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს სახალხო დამცველის მუშაობას.


მიხეილ სააკაშვილი 42-ე დღეა შიმშილობს. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ექსპრეზიდენტმა გლდანის ციხეში შესვლისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა. ამასთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით დროებითი ზომის მიღებაზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა

კომენტარები