მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ხოშტარია: სტრასბურგმა გვითხრა, მორჩით მაიმუნობას, გამოუშვით ინფორმაცია, თორემ დაისჯებით

ფოტო: ევროპული საქართველო • European Georgia / Facebook

"ახლა დადგა მომენტი, როდესაც ყველაზე ძლიერი საერთაშორისო ინსტიტუტი გვეუბნება, მორჩით მაიმუნობას, გამოუშვით ინფორმაცია, სხვა შემთხვევაში დაისჯებით. ეს რა თქმა უნდა, ჩემი მარტივი სიტყვებით ინტერპრეტაციაა". – ასე გამოეხმაურა პარტია დროას ლიდერი ელენე ხოშტარია სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას. 

ხოშტარიას თქმით, ხელისუფლების ინტერესებშია, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და მისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა, რათა სტრასბურგის სასამართლოში დამატებითი პრობლემები არ შეექმნას.

"რომ არ იყოს საფრთხე, ისინი ამ საქმეს არ მიიღებდნენ და ისინი გაეცნობიან ყველაფერს, რაც აქ ხდება. ხელისუფლებას დღეს პირდაპირ შეუძლია, მათ შორის საკუთარი პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში, სტრასბურგთან დამატებითი პრობლემები არ შეიქმნას და გააგზავნოს ინფორმაცია მისი უსაფრხო და სამედიცინო თვალსაზრისით სწორი გარემოს შესახებ. დღეს მოგვეცა კიდევ ერთი შანსი, გამოვიდეთ ამ მწვავე კრიზისიდან". – თქვა ხოშტარიამ

მიხეილ სააკაშვილი 42-ე დღეა შიმშილობს. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ექსპრეზიდენტმა გლდანის ციხეში შესვლისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა. ამასთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.

ტელეკომპანია მთავარის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თანახმად, სტრასბურგის სასამართლომ დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ მოთხოვნა დააკმაყოფილა.

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მომჩივან მხარეს დაჟინებით მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტისკენ.

რა წერია სააკაშვილზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში?

 

კომენტარები