მიხეილ სააკაშვილი

კახიძე: სააკაშვილმა სტრასბურგის მოწოდება უნდა გაითვალისწინოს და შიმშილობა შეწყვიტოს

ევროპული საქართველოს წევრი, ოთო კახიძე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით დროებითი ზომის მიღებაზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას FACEBOOK-ზე გამოეხმაურა. 

მისი თქმით, სასამართლოს არ უთქვამს უარი სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნაზე, როგორც ამას ხელისუფლება ამტკიცებს. მაგრამ სასამართლოს ასევე არ დაუკმაყოფილებია ზემოაღნიშნული მოთხოვნა. 

"სინამდვილეში სასამართლოს ჯერ (!) არ მიუღია გადაწყვეტილება განმცხადებლის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხზე, სტრასბურგმა მოითხოვა დამატებითი მასალები, და განსაზღვრა კონკრეტული ვადა - 24 ნოემბერი, რის შემდეგაც უნდა შეაფასოს, თუ რამდენად ადეკვატურია ციხის საავადმყოფოს პირობები და აღჭურვილობა სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად;

სასამართლომ უახლოეს ხანებში შესაძლოა დააკმაყოფილოს განაცხადი და მოსთხოვოს სახელმწიფოს სააკაშვილის გადაყვანა, ან უარი თქვას დაკმაყოფილებაზე და ციხის საავადმყოფო მიიჩნიოს ადეკვატურ დაწესებულებად პატიმრის მკურნალობისთვის".- წერს კახიძე. 

კახიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა უნდა გაითვალისწინოს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება და შიმშილობა შეწყვიტოს. მისივე თქმით, სააკაშვილმა ელენე ხოშტარიას მდგომარეობაც უნდა გაითვალისწინოს. 

"ჩემი აზრით, სააკაშვილმა უნდა გაითვალისწინოს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება და შიმშილობა შეწყვიტოს. მისი შემდგომი რეაბილიტაციისთვის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხი კვლავ აქტუალური დარჩება.

საკუთარი ჯანმრთელობის გაფრთხილების გარდა, მან ასევე უნდა გაითვალისწინოს ელენე ხოშტარიას მდგომარეობა, რომელიც მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს და ცუდად ხდება ყოველდღე".- წერს ოთო კახიძე. 

ტელეკომპანია მთავარის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თანახმად, სტრასბურგის სასამართლომ დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ მოთხოვნა დააკმაყოფილა.

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მომჩივან მხარეს დაჟინებით მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტისკენ.

კომენტარები