მიხეილ სააკაშვილი

ენმ: ვიღებთ პასუხისმგებლობას, კლინიკასთან, სადაც სააკაშვილს გადაიყვანთ, აქციები არ იქნება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მისი ხელმძღვანელობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ საპროტესტო აქციები არ გაიმართება იმ საავადმყოფოს გარეთ ან მის მიმდებარედ, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება გადაყვანილი". - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

პარტიის განცხადებით, ნებისმიერ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, ადგილზე ან მის სიახლოვეს საპროტესტო აქცია არ იქნება, "რათა თავიდან იქნას აცილებული ყველა სახის შესაძლო პროვოკაცია". 

პარტიის განცხადება:

პირველი ოქტომბრიდან მოშიმშილე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც იგი 2021 წლის 8 ნოემბერს რუსთავის ციხიდან გლდანის პენიტენციურ საავადმყოფოში იძულებით გადაიყვანეს. გადაყვანა განხორციელდა სახალხო დამცველის, უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექიმების არაერთგზის მოწოდების საწინააღმდეგოდ, რომლებიც ეხებოდა ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკას, სადაც ადეკვატური სამედიცინო დახმარების გაწევა და სააკაშვილის ფიზიკური უსაფრთხოების დაცვა იქნებოდა შესაძლებელი.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გლდანის ციხეში მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო გადაყვანა განხორციელდა მისი ნების საწინააღმდეგოდ. საქართველოს სახალხო დამცველი ადასტურებს, რომ გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის ფორმა არ არსებობს. უფრო მეტიც, პატიმრების მხრიდან სააკაშვილისა და მისი ვიზიტორების მისამართით შეურაცხმყოფელი შეძახილები მიზნად ისახავს მასზე დამატებით ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ომბუდსმენის განცხადებით, გარემო, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს არის ღირსების შემლახველი.

ღირსების შელახვის, ციხის ადმინისტრაციისა და საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალისადმი უნდობლობის მიზეზით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა უარი თქვა ამ დაწესებულებაში ყოველგვარ მკურნალობაზე. მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევის გარეშე პრეზიდენტის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე.

სახალხო დამცველმა ასევე განაცხადა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში ადეკვატური სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა შეუძლებელია და მოითხოვა „დაუყოვნებლივ გადაყვანა ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში“, სადაც მისი ღირსება, სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სათანადოდ იქნება დაცული. იდენტური პოზიცია აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მისი ხელმძღვანელობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ საპროტესტო აქციები არ გაიმართება იმ საავადმყოფოს გარეთ ან მის მიმდებარედ, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება გადაყვანილი. მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გამართვა დაგეგმილია სხვადასხვა ლოკაციებზე, თუმცა მესამე პრეზიდენტის ნებისმიერ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, ადგილზე ან მის სიახლოვეს საპროტესტო აქცია არ იქნება, რათა თავიდან იქნას აცილებული ყველა სახის შესაძლო პროვოკაცია.

ჩვენი უმთავრესი მიზანია პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა და მისი ადამიანური ღირსების დაცვა, რომელიც გარდაუვალი საფრთხის წინაშეა არსებულ ვითარებაში.

მიხეილ სააკაშვილი 41-ე დღეა შიმშილობს. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ექსპრეზიდენტმა გლდანის ციხეში შესვლისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა. ამასთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, ასეთივე იყო იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის ბოლო დასკვნაც. ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რამდენიმე ადამიანს შიმშილობა აქვს გამოცხადებული, მათ შორისაა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც უკვე 6 დღეა, მხოლოდ წყალსა და უშაქრო ყავას იღებს და უარს ამბობს ნებისმიერ საკვებ დანამატსა, თუ გადასხმაზე. 

ამასთან, თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის აქცია გაიმართა, რომლის მოთხოვნაც სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა. აქციამ მოგვიანებით მთავრობის სახლთან გადაინაცვლა და ახლაც გრძელდება. 

24 ოქტომბერს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა შეუძლებელია. 5 ნოემბერს ომბუდსმენის აპარატმა N18 დაწესებულება კიდევ ერთხელ შეამოწმა და განაცხადა, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულად ისევ არ შეესაბამებოდა კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

კომენტარები