მიხეილ სააკაშვილი

პოლონური მედია: დუდამ ზურაბიშვილს უთხრა, რომ სააკაშვილის დაკავება ქვეყნის იმიჯს აფუჭებს

Radio Poland-ის ცნობით, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საუბრის დროს უთხრა, რომ ექსპრეზიდენტი სააკაშვილის დაპატიმრება საქართველოს იმიჯს აფუჭებს. 

პოლონური მედიის ცნობით, 8 ნოემბერს დუდამ ზურაბიშვილთან საუბრის დროს თქვა, რომ ის პატივს სცემს საქართველოს სასამართლო სისტემას, თუმცა "სააკაშვილის დაკავება ქვეყნის იმიჯს აფუჭებს". ასევე, პოლონეთის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას შეახსენა, რომ პოლონელ ხალხს სააკაშვილი ახსოვს, როგორც ლეხ კაჩინსკის მეგობარი და სთხოვა, მისი საქმის მშვიდობიანად გადასაწყვეტად გზები იპოვონ. 

ინფორმაცია საუბრის შინაარსის შესახებ მედიასთან პრეზიდენტის რეზიდენციაში მყოფი პოლონური რადიოს წარმომადგენელმა გაავრცელა.


მიხეილ სააკაშვილი 41-ე დღეა შიმშილობს. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ექსპრეზიდენტმა გლდანის ციხეში შესვლისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა. ამასთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, ასეთივე იყო იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის ბოლო დასკვნაც. ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რამდენიმე ადამიანს შიმშილობა აქვს გამოცხადებული, მათ შორისაა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც უკვე 7 დღეა, მხოლოდ წყალსა და უშაქრო ყავას იღებს და უარს ამბობს ნებისმიერ საკვებ დანამატსა, თუ გადასხმაზე. 

24 ოქტომბერს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა შეუძლებელია. 5 ნოემბერს ომბუდსმენის აპარატმა N18 დაწესებულება კიდევ ერთხელ შეამოწმა და განაცხადა, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულად ისევ არ შეესაბამებოდა კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

კომენტარები