რუსეთი

რუსეთში უფლებადამცველებმა ციხეში პატიმრების გაუპატიურების ახალი ვიდეომასალა გაავრცელეს

რუსეთში უფლებადამცველთა ჯგუფმა Gulagu.net თავის YouTube-არხზე სარატოვის ოლქში, ციხის საავადმყოფოში პატიმრების გაუპატიურების ახალი ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა.

13-წუთიან ვიდეოში პატიმრებზე სექსუალური ძალადობის 6 შემთხვევა ასახული. Gulagu.net-ის წარმომადგენლები ასევე ასახელებენ ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის და ფედერალური უშიშროების სამსახურის 10-ზე მეტ თანამშრომელს, რომლებიც პატიმრების წამებას კურირებდნენ. უფლებადამცველების თქმით, "აქტივისტი" პატიმრები იმ პატიმრებზე ძალადობდნენ, რომლებიც კოლონიის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ.

ორგანიზაცია Gulagu.net ამბობს, რომ ციხეებში პატიმრების წამება ფედერალური სასჯელაღსრულების და ფედერალური უშიშროების სამსახურების თანამშრომლების დავალებით ხდებოდა, რომლებმაც თავიანთი მოქმედება სასჯელაღსრულების სამსახურის დირექტორის მოადგილეთან ანატოლი რუდნინთან შეათანხმეს.

Gulagu.net-მა სარატოვის ციხის საავადმყოფოში სექსუალური ძალადობის და წამების ამსხახბელი ვიდეოები ოქტომბერშიც გამოაქვეყნა. მასალის გავრცელების შემდეგ აღიძრა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე უფლებამოსილების გადაჭარბებისა და სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედებების მუხლით.

უფლებადამცველებმა პატიმრების წამების ამსახველი 40 გიგაბაიტის მოცულობის ვიდეოფაილები მიიღეს. ჩანაწერების არქივი მათ სერგეი საველიევმა გადასცა. საველევმა რუსეთში ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის 7.5 წლიანი პატიმრობა მოიხადა. პატიმრობის პერიოდში ის IT მენეჯმენტის ოფისში მუშაობდა და სარატოვის ოლქის ციხის შიდა ქსელსა და სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებების შიდა ქსელებზე ჰქონდა წვდომა. მუშაობის პროცესში მან პატიმრების წამებისა და გაუპატიურების ამსახველი რამდენიმე ვიდეო და ფოტოები იპოვა. მან მასალები უფლებადამცველთა ჯგუფს გადასცა.

წამების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ საველიევმა საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. რუსეთში მასზე ძებნაა გამოცხადებული.

კომენტარები