მიხეილ სააკაშვილი

შსს-მ სუს-თან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ოპოზიციის ჯამში 46 აქტივისტი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წესით ჯამში ოპოზიციის 46 აქტივისტი დააკავა. თბილისში საპროტესტო აქცია ერთდროულად ე.წ მოდულის შენობასთან, იუსტიციის სამინისტროთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან გაიმართა. სუს-თან და ჯანდაცვის უწყებასთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. შსს-ს განცხადებით, "იქ, სადაც აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, ასევე შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას", პოლიციამ აქტივისტები დააკავა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს ჩვენი მოქალაქეების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების შენობების შესასვლელების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება.

როგორც წინა დღეებში, ასევე დღესაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ სამართალდამცველთა საქმიანობას, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება" - აცხადებს შსს.


დილის 11:00 საათიდან საპროტესტო აქციები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 9 ნოემბრის აქციაზე დააანონსა. მისი თქმით, "ყოველდღე დილიდან ჩვენ კონკრეტული გეგმა გვექნება, ყოველი დღის ბოლოს მეორე დილის გეგმებს შეგატყობინებთ, რამდენიმე წერტილი იქნება, მაგრამ ყოველთვის იქნება ერთი წერტილი, რომელსაც არ შეგატყობინებთ და იმტვრიონ თავი ქართული ოცნების სპეცსამსახურებმა".

ენმ-ს თავმჯდომარის თქმით, ოპოზიცია გააკეთებს იმას, რასაც ტრადიციულად პოლიტიკოსები არ აკეთებდნენ – პროტესტის ერთ ადგილას მობილიზების ნაცვლად, მას რამდენიმე ადგილას გაშლიან და მასშტაბურ სახეს მისცემენ. 

"გავაკეთებთ იმას, რასაც ტრადიციულად პოლიტიკოსები არ ვაკეთებდით, იმას, რაც ატიპიურია ჩვენთვის. მიჩვეული ვიყავით ერთ წერტილში ბრძოლას, ამით ამოსუნთქვის საშუალებას ვაძლევდით ხელისუფლებას. ახლა გავაკეთებთ სხვანაირად. თანდათანობით ეს წერტილები და ლოკაციები გაიზრდება. გაიზრდება მართლაც, სანამ მთელი თბილისი არ იქნება მოცული საპროტესტო აქციებით". – ამბობს ნიკა მელია. 

ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ არაფერი შეიცვლება, საპროტესტო აქციები გადაინაცვლებს საქალაქო სასამართლოსთან, სადაც 13:00 საათზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირველი სასამართლო პროცესი გაიმართება მას შემდეგ, რაც ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. 


მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ექსპრეზიდენტმა გლდანის ციხეში შესვლისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა. ამასთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, ასეთივე იყო იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის ბოლო დასკვნაც. ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რამდენიმე ადამიანს შიმშილობა აქვს გამოცხადებული, მათ შორისაა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც უკვე 7 დღეა, მხოლოდ წყალსა და უშაქრო ყავას იღებს და უარს ამბობს ნებისმიერ საკვებ დანამატსა, თუ გადასხმაზე. 

ამავე მოთხოვნით ოპოზიცია პერმანენტულ აქციებს მართავს. 

24 ოქტომბერს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა შეუძლებელია. 5 ნოემბერს ომბუდსმენის აპარატმა N18 დაწესებულება კიდევ ერთხელ შეამოწმა და განაცხადა, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულად ისევ არ შეესაბამებოდა კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

კომენტარები