მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ყიფშიძე: სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია, რამდენიმე საათში გახდება კრიტიკულზე კრიტიკული

Interpressnews.ge

"მოვუწოდებთ კონსილიუმის წევრებს, შევხვდეთ რაც შეიძლება სწრაფად. მისი მდგომარეობა გახდება კრიტიკულზე კრიტიკული". - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ, რუსთავის ციხეში, სააკაშვილის მონახულების შემდეგ თქვა. 

ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და რამდენიმე საათში შესაძლოა გახდეს კრიტიკულზე კრიტიკული. 

"ამ წუთში მდგომარეობა არის კრიტიკული. პრეზიდენტმა უარი თქვა ტესტების გაკეთებაზე, მიღებაზე იმ მინერალების და წამლის, რომელიც უზრუნველყოფდა მის ნორმალურ ყოფნას. ეს არის ტრაგედია იმიტომ, რომ ზოგიერთი მაჩვენებელი უარესდება და უარესდება ყოველსაათში.  მე ვთხოვ პირველი კონსილიუმის წევრებს, შევხვდეთ სასწრაფოდ და გადავწყვიტოთ რა ვქნათ. მისი მდგომარეობა გახდება კრიტიკულზე კრიტიკული, შეიძლება რამდენიმე საათში, დღე არ იქნება.  დაუყონებლივ საჭიროებს კონსილიუმის მოწვევა და ამ საკითხის გადაწყვეტას". - ამბობს ყიფშიძე. 

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, პირველი ოქტომბრიდან შიმშილობს, თუმცა, იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, პატიმარი ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს. 6 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად, უარი თქვა არამხოლოდ წვენზე, არამედ, "მინერალზე, ვიტამინზე (გლუკოზის აბებზე), რაც ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებას ემსახურებოდა".

კომენტარები