უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანტიოლიგარქიულ კანონს ხელი მოაწერა.
კანონი ოლიგარქის მნიშვნელობას განმარტავს და პრეზიდენტს და ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს ერთობლივად აძლევს უფლებას განსაზღვრონ, ვინ აკმაყოფილებს კანონით მოცემულ კრიტერიუმებს.
ახალი კანონით ოლიგარქებს პარტიების დაფინანსება და პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობის უფლება შეეზღუდებათ. უმაღლესი საჯარო თანამდებობის პირებს, მათ შორის პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს და ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე ვალდებულები ხდებიან ოლიგარქებთან კავშირები გაასაჯაროონ და ოლიგარქთან შეხვედრამდე ამის შესახებ უკრაინის უშიშროების საბჭოს აცნობონ.
კანონი ითვალისწინებს ოლიგარქების რეესტრის შექმნას. სიაში შესაძლოა მოხვდეს ადამიანი, რომელიც შემდეგი 4 კრიტერიუმიდან, 3-ს აკმაყოფილებს: მონაწილეობს პოლიტიკაში, აქვს მნიშვნელოვანი გავლენა მედიაზე, აკონტროლებს ან ფლობს მონოპოლიას, მისი აქტივების ფასი აღემატება ერთ მილიონ საარსებო მინიმუმს.
კანონის მოქმედების ვადა 10 წლით არის შემოსაზღვრული.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადაში ანტიოლიგარქიული კანონპროექტი ივნისის დასაწყისში შეიტანა. კანონი რადამ სექტემბრის ბოლოს მიიღო. კანონი დაჩქარებული პროცედურით მიიღეს, მიუხედევად იმისა, რომ მეორე განხილვამდე კანონპროექტში 1 300 შესწორება იყო შეტანილი. კანონპროექტის სწრაფი მიღების გამო დაპირისპირება მოხდა პარლამენტის სპიკერ დმიტრო რაზუმკოვსა და მმართველ პარტიას შორის. რაზმუკოვი კანონის სწრაფ მიღებას ეწინააღმდეგობდა და მისი ვენეციის კომისიითვის განსახილველად გადაცემა სურდა. ზელენსკის პარტიამ ხალხის მსახურმა რაზუმკოვს მმართველი პარტიის ინტერესებზე წინ საკუთარი ინტერესების დაყენებაში დაადანაშაულა და მის თანამდებობიდან გადაყენებას დაუჭირა მხარი.
ზელენსკიმ კანონპროექტის სწრაფი მიღება ქვეყანაში "ოლიგარქიული სისტემის ლიკვიდაციის" საჭიროებით ახსნა. ზელენკის თქმით, კანონი ქვეყნის იმ ბიზნესმენებისგან დასაცავად არის საჭირო, რომლებიც ათწლეულებია კორუფციაში არაინ ჩართული. ზელენსკის ოპონენტები ამბობენ, რომ არსებობს საფრთხე, რომ კანონი შერჩევითად იქნება გამოყენებული და პრეზიდენტს კიდევ უფრო მეტ ძალაუფლებას ანიჭებს.





