უკრაინა

ზელენსკის პარტიამ პარლამენტის სპიკერის, დმიტრო რაზუმკოვის გადაყენებას მხარი დაუჭირა

დმიტრო რაზუმკოვი
Reuters

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიამ ხალხის მსახურმა პარლამენტის სპიკერის დმიტრო რაზუმკოვის გადაყენებას მხარი დაუჭირა. ხალხის მსახური რაზუმკოვს მმართველი პარტიის ინტერესებზე წინ საკუთარი ინტერესების დაყენებაში ადანაშაულებს.

რაზუმკოვს მუშაობის უფლება სამშაბათს, 5 ოქტომბერს შეუჩერდა. მის გადაყენებას კი მხარი 450 დეპუტატიდან 284-მა დაუჭირა. პარლამენტში უმრავლესობას პრეზიდენტის პარტია ფლობს.

ხალხის მსახურის დეპუტატების თანახმად, პარლამენტის სპიკერის კანდიდატი სპიკერის მოადგილე რუსლან სტეფანჩუკი იქნება.

რაზუმკოვი ზელენსკის საარჩევნო გუნდის ბირთვის ნაწილი იყო 2019 წელს როცა ზელენსკიმ საპრეზიდენტო არჩევენბზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. თუმცა როგორც პარლამენტის სპიკერი ის ეწინააღმდეგებოდა ოლიგარქების რეესტრთან დაკავშირებული კანონპროექტის სწრაფ მიღებას. ახალი კანონის მიზანია პოლიტიკაზე, მედიაზე და ბიზნესზე ოლიგარქების გავლენა შეამციროს, თუმცა ოპოზიცია კანონის მიღებაში პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდის და კორუფციის საფრთხეს ხედავს.

დმიტრო რაზუმკოვს სურდა, კანონპროექტი ვენეცის კომისიითვის განსახილველად გადაეცა, თუმცა პარლამენტმა კანონპროექტი გასულ თვეს მიიღო.

ოპოზიციური პარტიები პარლამენტის სპიკერის გათავისუფლებით ზელენსკის პარტიას დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ადანაშაულებენ.

"ჩვენ პარლამენტში ქვეყნის უკეთესობისკენ შესაცვლელად მოვედი. ვცადე, რომ ამ დაპირებების ნაწილი მაინც შემესრულებინა. კანონის უზენაესობის პრინციპი პოლიტიკურმა უპრინციპობამ ჩაანაცვლა, საკუთარი აზრის და სიტყვის თავისუფლების უფლება კი "ვინც ჩვენთან არაა, ჩვენს წინააღმდეგაა" პრინციპმა შეცვალა." – თქვა რაზუმკოვმა

კანონი ოლიგარქის მნიშვნელობას განმარტავს და პრეზიდენტს და ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს ერთობლივად აძლევს უფლებას განსაზღვრონ, ვინ აკმაყოფილებს კანონით მოცემულ კრიტერიუმებს.

ახალი კანონით ოლიგარქებს პარტიების დაფინანსება და პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობის უფლება შეეზღუდებათ. უმაღლესი საჯარო თანამდებობის პირებს, მათ შორის პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს და ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე ვალდებულები ხდებიან ოლიგარქებთან კავშირები გაასაჯაროონ.

კანონი ითვალისწინებს ოლიგარქების რეესტრის შექმნას. სიაში შესაძლოა მოხვდეს ადამიანი, რომელიც შემდეგი 4 კრიტერიუმიდან, 3-ს აკმაყოფილებს: მონაწილეობს პოლიტიკაში, აქვს მნიშვნელოვანი გავლენა მედიაზე, აკონტროლებს ან ფლობს მონოპოლიას, მისი აქტივების ფასი აღემატება ერთ მილიონ საარსებო მინიმუმს.

უკრიანის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენკის თქმით, კანონი ქვეყნის იმ ბიზნესმენებისგან დასაცავად არის საჭირო, რომლებიც ათწლეულებია კორუფციაში არაინ ჩართული. ზელენსკის ოპონენტები ამბობენ, რომ არსებობს საფრთხე, რომ კანონი შერჩევითად იქნება გამოყენებული და პრეზიდენტს კიდევ უფრო მეტ ძალაუფლებას ანიჭებს.

კომენტარები