უკრაინა

უკრაინის რადამ ოლიგარქებზე ახალი კანონი მიიღო, რომელიც მათ პარტიების დაფინანსებას უკრძალავს

უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო ახალი კანონი ოლიგარქებთან დაკავშირებით. კანონპროექტს მხარი 279-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კანონი ოლიგარქის მნიშვნელობას განმარტავს და პრეზიდენტს და ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს ერთობლივად აძლევს უფლებას განსაზღვრონ, ვინ აკმაყოფილებს კანონით მოცემულ კრიტერიუმებს.

ახალი კანონით ოლიგარქებს პარტიების დაფინანსება და პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობის უფლება შეეზღუდებათ. უმაღლესი საჯარო თანამდებობის პირებს, მათ შორის პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს და ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე ვალდებულები ხდებიან ოლიგარქებთან კავშირები გაასაჯაროონ.

"კანონის მიზანია, ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრა, რომელიც პოლიტიკოსების, მედიის და მსხვილი ბიზნესის შერწყმით არის გამოწვეული, პოლიტიკური ძალაუფლების საკუთარი კაპიტალის გაზრდისთვის გამოყენება" - ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.

კანონი ითვალისწინებს ოლიგარქების რეესტრის შექმნას. სიაში შესაძლოა მოხვდეს ადამიანი, რომელიც შემდეგი 4 კრიტერიუმიდან, 3-ს აკმაყოფილებს: მონაწილეობს პოლიტიკაში, აქვს მნიშვნელოვანი გავლენა მედიაზე, აკონტროლებს ან ფლობს მონოპოლიას, მისი აქტივების ფასი აღემატება ერთ მილიონ საარსებო მინიმუმს.

უკრიანის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენკის თქმით, კანონი ქვეყნის იმ ბიზნესმენებისგან დასაცავად არის საჭირო, რომლებიც ათწლეულებია კორუფციაში არაინ ჩართული. ზელენსკის ოპონენტები ამბობენ, რომ არსებობს საფრთხე, რომ კანონი შერჩევითად იქნება გამოყენებული და პრეზიდენტს კიდევ უფრო მეტ ძალაუფლებას ანიჭებს.  

"ოლიგარქების საწინააღმდეგო კანონი უკრაინას აძლევს ისტორიულ შესაძლებლობას, ააშენოს ცივილიზებული და სუფთა ურთიერთობა დიდ ბიზნესა და სახელმწიფოს შორის. დიახ, ბევრ პოლიტიკოსს არ მოსწონს ეს კანონი. დიახ, მათ ძველებურად უნდა ცხოვრების გაგრძელება, ოლიგარქებისთვის მუშაობა. დიახ, დიდი წნეხია ჩვენს დეპუტატებზე, ბევრი ინტრიგა, შანტაჟიც კი, მაგრამ პარლამენტმა კანონი მიიღო" - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკის გუნდი ამბობს, რომ კანონით გამოწვეული უკმაყოფილება შესაძლოა, გახდა პრეზიდენტის პირველი თანაშემწის სერგეი შეფირის მკვლელობის მცდელობა. შეფირის მანქანა გუშინ, 22 სექტემბერს დაცხრილეს, ის არ დაშავებულა, თუმცა დაიჭრა მისი მძღოლი.

ოპოზიციონერი პარლამენტარის ოლეკსი გონჩარენკოს შეფასებით, პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის ოლიგარქიის რეესტრში ადამიანის შეყვანის უფლების მიცემა კორუფციისთვის ბევრ შესაძლებლობას აჩენს. გონჩარენკო უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პარტიის წევრია. ივნისში უკრაინის იუსტიციის მინისტრი, დენის მალიუსკა ამბობდა, რომ პოროშეკნოს ოლიგარქთა რეესტრში კანონის მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ შეიყვანენ.

კომენტარები