ჭყონდიდის ეპარქია

მეუფე სტეფანე განკვეთილ მღვდლებზე: თავშესაფარს მივცემ, ოღონდ არა ჭყონდიდის ეპარქიაში

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე ამბობს, რომ მის მიერ განკვეთილ სასულიერო პირებს, თუ მათ სურთ, ტავშესაფარს მისცემს, ოღონდ, მისივე სიტყვებით, არა ჭყონდიდის ეპარქიაში.  

"მათ შორის, ვისაც სჭირდება თავშესაფარი, მე მზად ვარ, მათი თხოვნის მიხედვით მივცე თავშესაფარი, ოღონდ არა ჭყონდიდის ეპარქიაში. რახან ადგილი არ აქვთ და თავშესაფარი არ აქვთ, მაშინ მე მივცემ მათ თავშესაფარს ცაგერის და ლენტეხის ეპარქიაში. ასე რომ, ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ არის ძალიან ლმობიერი, ყოველთვის ასე იყო, მაგრამ მე არ მაძლევდნენ საშუალებას...

ბოლოსაც, როდესაც ჩემთან თავდასხმაზე მოვიდნენ, ვუთხარი, ხალხო, როგორ გელაპარაკოთ, როგორც ბერებს, თუ როგორც კრიმინალებს? არ უნდოდათ როგორც ბერებს ჩემთან საუბარი და როგორ ველაპარაკო, მითხარით? თითი კინაღამ მომტეხეს, თავდასხმა მომიწყვეს, სკოლაში უბედურება მოაწყვეს, სამასწავლებლოში შემომივარდნენ, კრებას ვატარებდი, ათასი შეურაცხყოფა მომაყენეს. თქვენ გგონიათ, რომ ეს ყველაფერი ჩემ მიმართ შეიძლება და ჟურნალისტის მიმართ ასეთი რამ არ შეიძლება? ანგელოზები არიან და როგორ შევეხეთ მათ და ვუთხარით, რომ აქ არ არის მათი ადგილი - ეს არის ძალიან მიკერძოებული მიდგომა და ბოდიშს გიხდით, ასეთ საკითხებზე თავს დიდად ნუ შეიწუხებთ". - ამბობს მიტროპოლიტი სტეფანე.  

5 ოქტომბერს სალხინოს მონასტერთან ხმაური იყო - სასულიერო პირებმა თქვეს, რომ მიტროპოლიტი სტეფანეს დავალებით მონასტერი დილის 6 საათზე ძალის გამოყენებით დაატოვებინეს და ნივთების ასაღებად შესვლის უფლებასაც არ აძლევდნენ. დაპირისპირებისას რამდენიმე სასულიერო პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.  

მიტროპოლიტმა სტეფანემ მასთან დაპირისპირებული სასულიერო პირები ამბოხში დაადანაშაულა და ეკლესიიდან 19 სექტემბერს განკვეთა. მეუფე სტეფანემ ხელისუფლებას სთხოვა, განკვეთილ სასულიერო პირებს სალხინოს მონასტრის ტერიტორია და მიწები დაეტოვებინათ, თუმცა მონასტრის დატოვებაზე ისინი უარს ამბობდნენ.  

ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტ სტეფანეს და სასულიერო პირების ნაწილს შორის დაპირისპირება მეუფე სტეფანეს ეპარქიაში ეპისკოპოსად დანიშვნის შემდეგ დაიწყო. 

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე ეპარქიის ყოფილ მმართველ პეტრე ცაავასა და მის მხარდამჭერებს დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს. მან ეპარქიაში დადგინებიდან 52 დღეში ერთი მღვდელი გაკვეთა მღვდლობიდან, სამ მღვდელსა და სამ დიაკონს მღვდელმსახურება აუკრძალა, შვიდ მონაზონს და სამ მორჩილს აუკრძალა ზიარება, ასევე მონასტრიდან გააძევა ერთი მონაზონი და ერთი მორჩილი. 

 

კომენტარები