მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ხოშტარია: კუჭავას მოსვლის მიზანი ადამიანურად მოკითხვა იყო, კრიზისი მაინც რჩება

დროა

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც უკვე მე-3 დღეა, შიმშილობს, პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ მოინახულა. ხოშტარია ამბობს, რომ კუჭავას ვიზიტის მიზანი "ადამიანურად მოკითხვა" იყო.  

"გავაცანი მოთხოვნები, თუმცა მთავარი მისი მოსვლის მიზანი იყო ადამიანურად მოკითხვა. ალბათ, ეს მაინც კარგი მაგალითია იმისა, რომ ყველაზე დიდ დაპირისპირებაშიც კი, განსხვავებით სხვებისგან - ადამიანური სახის შენარჩუნება არის შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი მაინც რჩება, სახეზეა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ თემაზე, ამ თემის გადაჭრაზე არ გვისაუბრია". - ამბობს დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.  

ხოშტარია ასევე ამბობს, რომ თუ მის მოთხოვნებზე რეაგირება არ იქნება, პროტესტის გამწვავებაზე იფიქრებს.

მოძრაობა დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო. ხოშტარიას თქმით, პარლამენტის შენობაში იმ მომენტამდე იშიმშილებს, სანამ მიხეილ სააკშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ და მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვები არ მოიხსნება. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 36-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს და შეწყვეტაზე უარს ამბობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მკურნალობას ციხის საავადმყოფოში არ გააგრძელებს, თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამტკიცებენ, რომ ექსპრეზიდენტს მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ და არა კერძოში. 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი პირველად 24 ოქტომბერს შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად.  

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 4 ნოემბერს სააკაშვილის მიღებისთვის მე-18 სამკურნალო დაწესებულების მზაობა კიდევ ერთხელ შეამოწმა. ომბუდსმენის განცხადებაში წერია, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.  

კომენტარები