მიხეილ სააკაშვილის დაკავება

"ყველაფრით კმაყოფილია" – კახა კუჭავამ მოშიმშილე ელენე ხოშტარია მოინახულა

პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტის შენობაში მესამე დღეა შიმშილობს, მოინახულა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მას ელენე ხოშტარიასთან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა, არაფერზე უსაუბრია.

"ელენე ხოშტარია მოვინახულე, მაინტერესებდა, ჰქონდა თუ არა ყველანაირი პირობა და მინდა ყველამ იცოდეს, რომ პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში მუშაობს ექიმი და თუ საჭიროა ყოველთვის იქნება გამოყენებული მისი მომსახურება.

მაინტერესებდა თუ აკლდა რაიმე, პირობები და ა.შ. ყველაფრით არის კმაყოფილი და ხაზზე ვიქნები თუ საჭირო იქნება. არ გვისაუბრია ელენეს ჯანმრთელობის გარდა არაფერზე, ადამიანს აქვს შიმშილობის უფლება, ეს მათი უფლებაა. ჩემი მოსვლის მიზეზი იყო, რამე ხომ არ აკლია, ან ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია და მაქსიმალურად ჰქონდეს ყველანაირი პირობა აქ და კარგია, რომ არის". – ამბობს კახა კუჭავა.

დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, 3 ნოემბერს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტის შენობაში შიმშილობა დაიწყო.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 34-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს და შეწყვეტაზე უარს ამბობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.   

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მკურნალობას ციხის საავადმყოფოში არ გააგრძელებს, თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამტკიცებენ, რომ ექსპრეზიდენტს მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ და არა კერძოში. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად.

კომენტარები