დიდი ბრიტანეთი

ადამიანის პაპილომა ვირუსის ვაქცინა საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევებს 87%-ით ამცირებს

Getty Images

ადამიანის პაპილომა ვირუსის (აპვ/HPV) ვაქცინა საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევებს თითქმის 90%-ით ამცირებს. კვლევა სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა.

საშვილოსნოს ყელის კიბოს უმეტეს შემთხვევებში ვირუსები იწვევს, შესაბამისად ავპ-ს ვაქცინის წარმატებას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევა ინგლისში ჩატარდა. დიდ ბრიტანეთში ადამიანის პაპილომა ვირუსზე გოგოები 11-13 წლის ასაკში იცრებიან. 2019 წლიდან ვაქცინა ხელმისაწვდომია ბიჭებისთვისაც.

კვლევა აკვირდებოდა იმ გოგოებს, რომლებიც აპვ-ზე 2008 წელს ინგლისში აიცრნენ. მოზარდების ეს ჯგუფი ახლა 20 წელს გადაცილებული ახალგაზრდები არიან. კვლევა აჩვენებს, რომ აცრილ ქალებში შემცირებულია როგორც კიბოსწინარე მდგომარეობის, ასევე 87%-ით შემცირებულია საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევები. კიბოსწინარე მდგომარეობისა და ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევების შემცირება ნაკლებად ხდება, როდესაც მოზარდები უფრო გვიან ასაკში იცრებიან. კვლევის თანახმად, ეს ერთი მხრივ განპირობებულია იმით რომ უფროს მოზარდებს შორის ნაკლები აიცრა და ამასთანავე იდეალურ შემთხვევაში ვაქცინის გაკეთება სექსუალური აქტივობის დაწყებამდე სჯობს.

კვლევის შეფასებით, აპვ-ზე ვაქცინაციის პროგრამამ საშვილოსნოს ყელის კიბოს 450 შემთხვევის და კიბოსწინარე მდგომარეობის 17 200 შემთხვევის თავიდან აცილება შეძლო.

ადამიანის პაპილომა ვირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით კვლევების გაგრძელების საჭიროება კვლავ არსებობს, მაგალითად დასადგენია, რამდენი ხნის მანძილზეა ვაქცინა ეფექტიანი და არსებობს თუ არა ბუსტერ-დოზის საჭიროება.

კომენტარები