არჩევნები 2021

პაპუაშვილი: NGO-ები ცესკოს თავმჯომარეს ბოდიშს თუ არ მოუხდიან, მადლობა მაინც გადაუხადონ

ქართული ოცნების დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. 

NGO-ებმა არჩევნების მიმდინარეობის შესახებ განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც საუბარია წინასაარჩევნო პერიოდსა და კენჭისყრის დღეს არსებულ დარღვევებზე, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ დაბალ ნდობასა და  სასამართლოს პოლიტიზებაზე. 

პაპუაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ მიკერძოებასა და სუბიექტურობაში დაადანაშაულა. 

"ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებს არაერთხელ მოვუწოდეთ, ბოდიში მოეხადათ ქალბატონი თამარ ჟვანიასთვის და ჩვენ ამ ორგანიზაციებმა [საერთაშორისო გამჭვირვალობა, სამართლიანი არჩევნები] თითქმის ჩაშალეს პრეზიდენტთან არსებული კომისიის მუშაობა, როცა ცესკოს თავმჯდომარეს ვირჩევდით, როდესაც შეთანხებულად ამ კანდიდატის წინააღმდეგ წავიდნენ. მათ ჩაშალეს საკონსტიტუციო საბჭოს მუშაობა ცესკოსთან რომელიც არსებობდა და საბედნიეროდ მმართველმა პარტია აღმოჩნდა მაშინ მოწოდების სიმაღლეზე და ცესკოს თავმჯდომარეც ავირჩიეთ და ცესკოს წევრებით. აქედან გამომდინარე, მე მათ აღარ მოვუწოდებ რომ გიორგი კალანდარიშვილს ბოდიში მოუხადონ, იმის გამო რომ მათ მოახდინეს მისი დისკრედიტაცია, მაგრამ ბოდიშს თუ არ მოუხდიან, იქნებ მადლობა მაინც გადაუხადონ ამ არჩევნებისთვის".- ამბობს პაპუაშვილი. 

თექვსმეტი არასამთავრობო ორგანიზაცია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივად წერენ, რომ სასამართლო მმართველი ძალის პოლიტიკურ კონტროლს ექვემდებარება, რას უფრო და უფრო რთულს ხდის არჩევნების დროს მომხდარ დარღვევებზე კანონისმიერ რეაგირებას.

NGO-ები წერენ, რომ დაბალი დემოკრატიული სტადარტით ჩატარებულმა არჩევნებმა შესაძლოა, კიდევ უფრო გააღრმავოს საზოგადოებაში პოლარიზაცია.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო 
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED
  • ღია საზოგადოების ფონდი - OSGF
  • მედიის განვითარების ფონდი - MDF 
  • კონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი - EPRC
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI 
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR 
  • საფარი 
  • საზოგადოება და ბანკები
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი 
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS
  • მწვანე ალტერნატივა
  • საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი 
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი 
  • ცენტრი ემპათია
  • საქართველოს გაეროს ასოციაცია

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო. ერთადერთი თვითმმართველი თემი, რომელშიც ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა, წალენჯიხაა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბებულია. 6 ნოემბერს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები