არჩევნები 2021

NGO-ები: ამ ვითარებაში მოვლენების განვითარება, შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირებისკენ წავიდეს

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობას და წერენ, რომ დაბალი დემოკრატიული სტადარტით ჩატარებულმა არჩევნებმა შესაძლოა, კიდევ უფრო გააღრმავოს საზოგადოებაში პოლარიზაცია.

ისინი მოუწოდებენ ქართულ ოცნებას, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგან საზოგადოების გაერთიანებისკენ და არა პირიქით - დაყოფისკენ.

"სამწუხაროა, რომ დაბალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები საზოგადოებაში პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების მიზეზი შეიძლება გახდეს.  ამ ვითარებაში გართულდება საზოგადოებაში ერთობის შენარჩუნება და მოვლენების განვითარება შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირების მიმართულებით წავიდეს. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას შეცვალოს არსებული პოლიტიკა და საზოგადოების დაყოფის ნაცვლად, მისი გაერთიანებისაკენ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. არსებული პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, შეუძლებელია ქვეყნის წინსვლა და განვითარება.  სწორედ, ხელისუფლების  ხელშია დღეს საზოგადოების კონსოლიდაცია და ქვეყნის ევროპული მომავალი, რომლის პერსპექტივაც არსებული პოლიტიკის პირობებში სულ უფრო ბუნდოვანი ხდება"

ორგანიზაციები განცხადებაში ასევე წერენ, რომ "ასეთ პირობებში სულ უფრო რთულდება, რომ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კანონისმიერი რეაგირება მოყვეს არჩევნების დროს ჩადენილ დარღვევებს და ობიექტურად განისაზღვროს საარჩევნო პროცესზე მათი გავლენის ხარისხი". ამასთან ერთად, ისინი ხაზს უსვამენ იმასაც, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა, დარღვევებმა შედეგზე გავლენა მოახდინა.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო 
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED
  • ღია საზოგადოების ფონდი - OSGF
  • მედიის განვითარების ფონდი - MDF 
  • კონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი - EPRC
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI 
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR 
  • საფარი 
  • საზოგადოება და ბანკები
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი 
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS
  • მწვანე ალტერნატივა
  • საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი 
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი 
  • ცენტრი ემპათია
  • საქართველოს გაეროს ასოციაცია

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო. ერთადერთი თვითმმართველი თემი, რომელშიც ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა, წალენჯიხაა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბებულია. 6 ნოემბერს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები