არჩევნები 2021

NGO-ები: სულ უფრო რთულდება, არჩევნებისას ჩადენილ დარღვევებს კანონისმიერი რეაგირება მოჰყვეს

არჩევნები
ტაბულა

თექვსმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერენ, რომ სასამართლო მმართველი ძალის პოლიტიკურ კონტროლს ექვემდებარება, რას უფრო და უფრო რთულს ხდის არჩევნების დროს მომხდარ დარღვევებზე კანონისმიერ რეაგირებას.

"დღეს საზოგადოებაში სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა უკიდურესად დაბალია. ხელისუფლების ყველა შტო, მათ შორის, სასამართლო მმართველი ძალის პოლიტიკურ კონტროლს ექვემდებარება. ასეთ პირობებში სულ უფრო რთულდება, რომ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კანონისმიერი რეაგირება მოყვეს არჩევნების დროს ჩადენილ დარღვევებს და ობიექტურად განისაზღვროს საარჩევნო პროცესზე მათი გავლენის ხარისხი.  მმართველმა პარტიამ პოლიტიკური კრიზისების არცერთ ეტაპზე არ გამოხატა რეალური ნება ძალაუფლების გაზიარებასთან დაკავშირებით. 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლაც ამის აშკარა მაგალითია. უფრო მეტიც, მმართველი პარტიის ხელმძღვანელობის მიერ  წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთებული განცხადებები მიუთითებენ მათ საპირისპირო განწყობაზე, რომ არ დაუშვან რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტის  მათი პოლიტიკური კონტროლიდან გასვლა. ადგილობრივი არჩევნების ჩატარების ხარისხი და შედეგები ამ გაცხადებული მიზნის  აშკარა დადასტურებაა"

ორგანიზაციები ასევე წერენ, რომ "ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა ამ დარღვევებს შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა".

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო 
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED
  • ღია საზოგადოების ფონდი - OSGF
  • მედიის განვითარების ფონდი - MDF 
  • კონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი - EPRC
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI 
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR 
  • საფარი 
  • საზოგადოება და ბანკები
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი 
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS
  • მწვანე ალტერნატივა
  • საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი 
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი 
  • ცენტრი ემპათია
  • საქართველოს გაეროს ასოციაცია

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო. ერთადერთი თვითმმართველი თემი, რომელშიც ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა, წალენჯიხაა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბებულია. 6 ნოემბერს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები