არჩევნები 2021

ფლანგვის დეტექტორი: ცესკოს 74 მილიონი გადავუხადეთ, თუმცა არჩევნები ისევ დარღვევით ჩატარდა

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2017-2021 წლებში ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ბიუჯეტიდან 325 მილიონი ლარით დაფინანსდა, 2021 წელს კი ცესკოს ბიუჯეტი 74 მილიონი ლარით განისაზღვრა.

წინასაარჩევნოდ ცესკომ საიმიჯო ვიდეორგოლის დამზადება გადაწყვიტა, რომლითაც ის მაღალი პროფესიონალიზმის მქონდე ორგანიზაციად უნდა წარმოჩენილიყო. ვიდეოს სცენარში 31 000 ლარი, ვიდეორგოლის დამზადებაში კი 155 000 ლარი დაიხარჯა. 

ფლანგვის დეტექტორის შეფასებით, მიუხედავად მაღალი დაფინანსებისა და იმიჯზე ზრუნვისა, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ცესკომ დარღვევებით ჩაატარა, ისევე როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. 

"ცესკოს პროფესიონალიზმს არა ვიდეორგოლი, არამედ ჩატარებული არჩევნები განსაზღვრავს. 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ არაერთი დარღვევა დაფიქსირდა. TI - საქართველო არჩევნების შედეგების შეფასებისას აღნიშნავს, რომ არაერთი დარღვევა დაფიქსირდა დღის მანძილზე, მათ შორის აღსანიშნავია დარღვევები, სადაც გასაკუთრებთ მაღალია იყო ცესკოს კომპეტენცია და ვალდებულება, თავიდან აერიდებინა მსგავსი შემთხვევები. 

ერთი და იმავე პირის მიერ რამდენიმეჯერ ხმის მიცემის შემთხვევა, დამკვირვებლების საქმიანობისთვის ხელის შეშლა, კენჭისყრის ფარულობის დარღვევა – ეს ის დარღვევებია, სადაც ცესკოს პირდაპირი ვალდებულება ჰქონდა, თავიდან აერიდებინა მსგავსი შემთხვევები, ან დროული და ეფექტური რეაგირება მოეხდინა. 

აღსანიშნავია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სადამკვირვებლო მისიის შედეგებიც. საია-მ არაერთი დარღვევა დააფიქსირა, მათ შორის მარკირების წესების უგულებელყოფის, გადასატანი ყუთით და, ზოგადად, ხმის მიცემის პროცედურის დარღვევის შემთხვევები, არასათანადო დოკუმენტით უბანზე შემოსვლის ფაქტები. 

რაც შეეხება მეორე ტურს, კვლავ არაერთი დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის წილისყრის პროცედურის, მარკირებისა და ხმის მიცემის წესების დარღვევა, COVID-19-ის რეგულაციების დაუცველობა, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ შევსება/გამოქვეყნება". – წერია არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში.


30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო. ერთადერთი თვითმმართველი თემი, რომელშიც ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა, წალენჯიხაა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბებულია. 6 ნოემბერს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები