მიხეილ სააკაშვილის დაკავება

EPP მთავრობას: დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში

ევროპის სახალხო პარტია (EPP) საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში დაუყოვნებლივ გადაყვანისკენ მოუწოდებს.

"ჩვენ გვაშფოთებს ცნობა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ყოფილი პრეზიდენტი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ შესაფერის სამოქალაქო საავადმყოფოში. ამის არგაკეთებით, მთავრობა პასუხისმგებლობას იღებს მისი ჯანმრთელობის ნებისმიერი სახის გაუარესებაზე", – წერს სოციალურ ქსელ Twitter-ზე EPP.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 26-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.  

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიასაც არ უზურნველყოფს და მისი ინფორმაციით, იქნება ე.წ იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით.

კომენტარები