მიხეილ სააკაშვილის დაკავება

გირჩი – მეტი თავისუფლება მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

ანა გვარიშვილი/ტაბულა

გირჩი – მეტი თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და მოითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, საქართველოში სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფამდე.

"ხელისუფლება უგულვებელყოფს საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის და დასავლელი პარტნიორების მოთხოვნებს ქვეყანაში პოლიტიკური დევნის შეწყვეტისა და სასამართლოზე პოლიტიკური წნეხის მოხსნის თაობაზე; ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს უსაფუძვლოდ უზღუდავს მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელ სერვისზე წვდომას, რითიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს". – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

გირჩი – მეტი თავისუფლება უერთდება მოთხოვნას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ და სასწრაფოდ იქნას ჰოსპიტალიზებული რომელიმე კერძო, C-კლასის კლინიკაში.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარების დამძიმება და გართულება მთლიანად საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. დაუშვებელია, სახელმწიფო, ქართველი ხალხის სახელით, ამგვარად ეპყრობოდეს პატიმრობაში მყოფ ნებისმიერ ადამიანს". – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 26-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.  

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიასაც არ უზურნველყოფს და მისი ინფორმაციით, იქნება ე.წ იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით.

კომენტარები