მიხეილ სააკაშვილის დაკავება

NGO-ები: სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხი მთავრობამ უფლებების დაცვით უნდა გადაწყვიტოს

არასამთავრობო ორგანიზაციები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და მიიჩნევენ, რომ მისი ჰოსპიტალიზაციის საკითხი ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს არა პოლიტიკური მიზანშეწონილობის, არამედ მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების უფლების დაცვის მაღალი სტანდარტით.

"მიხეილ სააკაშვილი, მისი დაპატიმრებიდან დღემდე, უკვე 26-ე დღეა საპატიმროში შიმშილობს. შიმშილობის პერიოდის გათვალისწინებით ყოველწუთიერად იზრდება მისი ჯანმრთელობის გაურესებისა და ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობის რისკები. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწვეული და კვალიფიციურ ექიმთა კონსილიუმის დასკვნის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა მოხდეს შესაბამისი პერსონალითა და სამედიცინო აღჭურვილობით დაკომპლექტებულ საავადმყოფოში. საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნის მიხედვით კი N18 დაწესებულება (ე.წ. ციხის საავადმყოფო) სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ  შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ამასთანავე, სახალხო დამცველის განცხადებით მიხეილ სააკაშვილის N18 დაწესებულებაში მოთავსება, რომელიც N8 პენიტენციური დაწესებულების გვერდით, ერთ სივრცეში მდებარეობს, შეიცავს მისი უსაფრთხოების გარკვეულ რისკებს". – ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხზე მსჯელობისას სრულყოფილად გაითვალისწინოს ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფისა და საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნა და რეკომენდაციები და ჰოსპიტალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ისე, რომ მის მიმართ, სრულად გამოირიცხოს როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე, უსაფრთხოების ყველა რისკი.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
  • ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  • ადამიანის უფლებების ცენტრი (HRC)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • ეკონომიკის პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  • მედიის განვითრების ფონდი (MDF)
  • კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
  • საზოგადოება და ბანკები
  • საფარი
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • ცენტრი ემპათია
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • სოციალური სამართიანობის ცენტრი (SJC)
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 26-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.  

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიასაც არ უზურნველყოფს და მისი ინფორმაციით, იქნება ე.წ იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით.

კომენტარები