კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: მოსახლეობა ყველაფერს აკეთებს, რომ პანდემია გაძლიერდეს, უარს ამბობს აცრაზე

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

"დღეს საქართველოს მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რომ პანდემია კიდევ უფრო გაძლიერდეს და მეხუთე ტალღა იყოს უფრო მძიმე, ვიდრე მეოთხე. რას აკეთებს? კატეგორიულ უარს ამბობს ვაქცინაციაზე". - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ თქვა.

"დღეში მხოლოდ 4-5 000 აცრა – ეს არის მიზერი, კატასტროფა. არც ერთი ცივილიზებული ქვეყანა ამას არ შვრება. ასევე, უარს ამბობენ პირბადის ტარებაზე. საქართველოში 45%-ია პირბადის გამოყენების მაჩვენებელი, მაშინ, როცა ევროპაში 90-95%-ია. ამასთან, ქართველი კაცი ვერაფრით ვერ ამბობს უარს ხალხმრავალ შეკრებებზე, ქორწილებზე, ქელეხებზე იუბილეებზე და ახლა ამას ემატება პოლიტიკური მიტინგები. ვიყოთ რეალისტები და შევეცადოთ გავაუმჯობესოთ სიტუაცია იქ, სადაც ეს შესაძლებელია – ეს არის ვაქცინაცია და პირბადის ტარება". - ამბობს ცერცვაძე. 

მისივე თქმით, რთული ეპიდსიტუაციის ფონზე, მთავრობამ შეზღუდვები არ უნდა დააწესოს, თუმცა უნდა გამკაცრდეს არსებული რეგულაციების კონტროლი.

"შეზღუდვების შემოღება ყველაზე მარტივი გზაა, ზოგი ქვეყანა უკვე წავიდა ამაზე. ეს ძალიან მტკივნეული იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის, ამიტომ მგონია, რომ მთავრობა არ წავა შეზღუდვებზე. მიმაჩნია, რომ მთავრობა უნდა წავიდეს არა შეზღუდვებზე, რადგან ძლივს გაიხსნა ეკონომიკა და მოსახლეობამ ძლივს ამოისუნთქა, უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას, არამედ უნდა წავიდეს არსებული რეგულაციების კონტროლის გაძლიერებაზე და აღსრულების კონტროლზე.

ჩვენ გვჭირდება დღეში 40-50 000 აცრილი, რომ გავიდეთ სამიზნე მაჩვენებელზე, წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 70%-ზე და იცრება მიზერი, ათჯერ ნაკლები, ვიდრე უნდა იცრებოდეს. სულ რაღაც ერთი თვის წინ 30 000 იცრებოდა, მატების ნაცვლად, ქვევით წამოვდია. ჩვენ ვიმყოფებით აბსურდის თეატრში. ხანდახან მგონია, რომ ეს არის სიზმარი და თვალს გავახელ და სიტუაცია შეცვლილი დამხვდება, მაგრამ, სამწუხაროდ, სიზმარი არ არის". - ამბობს ცერცვაძე. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 467 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 8.51%-ია.

კომენტარები