არჩევნები 2021

საია: სასამართლომ კუჭავას ჯარიმა არ დააკისრა, მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, არჩევნების დღეს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას მიერ აგიტაციის წესის დარღვევის გამო სასამართლომ მას ჯარიმა არ დააკისრა და მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. აგიტაციის წესის დარღვევა 2 000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

საია უარყოფითად აფასებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ ამგვარი ლოიალური მიდგომა პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ჩადენილ აშკარა სამართალდარღვევაზე, უარყოფითად აისახება საარჩევნო სამართალდარღვევების პრევენციაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა კახა კუჭავაც, რომელიც აგიტაციის წესის დარღვევას მექანიკურ შეცდომას უწოდებს, თუმცა მზადაა, რომ ჯარიმა გადაიხადოს და ის სოლიდარობის ფონდს გადაურიცხოს.

"მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანზე, ქართული ოცნების სიმბოლიკის ამსახველი პირბადით შესვლა მექანიკური შეცდომა იყო და მიზნად არ ისახავდა წინასაარჩევნო აგიტაციას, ეს იყო კანონდარღვევა, რაც სასამართლომ დაადასტურა და სიტყვიერი გაფრთხილება მომცა.

თუმცა, მართებულად მიმაჩნია, რომ აღნიშნული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა, 2 000 ლარის ოდენობით გადავიხადო და ეს თანხა სოლიდარობის ფონდს გადავურიცხო". – წერს კუჭავა.

2 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა არჩევნებზე მივიდა პირბადით, რომელზეც ქართული ოცნების სიმბოლიკა იყო გამოსახული. ფაქტი დაგმო და აგიტაციად შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმაც (ISFED).

კომენტარები