არჩევნები 2021

ევროპული საქართველო სარეკლამო კომპანია ALMA-ს სასამართლოში უჩივის

ტაბულა

ევროპული საქართველო სარეკლამო კომპანია ALMA-ს სასამართლოში უჩივის. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ნონიაშვილი ამბობს, კომპანიამ ევროპული საქართველოს  სატირული ბილბორდები არ გამოფინა. 

ნონიაშვილის თქმით, სარეკლამო კომპანიამ სატირული ბილბორდები იმიტომ არ გამოფინა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის არ ეწყენინებინა, რადგან მასზე ივანიშვილი ჯორჯ ორუელის ცხოველების ფერმიდან პერსონაჟს იყო შედარებული. 

"ჩვენ შევუკვეთეთ კომპანია ალმას ბილბორდები, რომ ჩვენი პოლიტიკური სატირა გამოეფინა თბილისის ქუჩებში, მაშინ როდესაც ისინი აკრავდნენ სისხლიან ბანერებს და სამარცხვინო ბანერებს, მაგრამ კომპანია ალმამ, რომელსაც მთელი თბილისის ბილბორდები ეკუთვნის და წარმატებულად არის დალაგებული ქართულ ოცნებასთან, უარი თქვა ჩვენი საარჩევნო კამპანიის ნაწილის - პოლიტიკური სატირის გამოქვეყნებაზე, იმიტომ რომ მას არ სურდა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ეწყენინებინა და ძილი დაეფრთხო, ეს არის ძალიან სამწუხარო ამბავი, რომელიც ნათლად მიუთითებს, რამდენად შერჩევითი დამოკიდებულება აქვს, როგორც ხელისუფლებას, ისე ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირში მყოფ ბიზნესებს, როგორ შერჩევითად ეპყრობა პოლიტიკურ პარტიებს".- ამბობს ნონიაშვილი. 

მისივე თქმით, კომპანია ახსნა- განმარტებასაც არ ეკეთებს, თუ რატომ არ ასრულებს ნაკისრ- ვალდებულებებს. ევროპული საქართველო დავას სასამართლოში აგრძელებს. 

"პარალელურად კანონპროექტი შეიტანეს, პოზირებენ ახლა სამარცხვინოდ, რომ თითქოსდა უარყოფითი შინაარსის შემცველი კონტენტი არ უნდა გამოიფინოს თბილისის ქუჩებში, რაც პირდაპირ გვეხება სინამდვილეში, ჩვენს წინასაარჩევნო კამპანიაზე პასუხია. ეს არის გამოხატვის თავისუფლების დარღვევა. ჩვენ კომპანია ალმას წინააღმდეგ დღეს შეგვაქვს სასამართლო სარჩელი, მას მოუწევთ სასამართლოში პასუხების გაცემა და ზიანის ანაზღაურება წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რადგან ჩვენ არ გვქონდა საშუალება წინასაარჩევნო კამპანია სრულყოფილად გვეწარმოებინა. ჩვენს პოლიტიკურ სატირას არა მარტო სახელმწიფო აპარატი, პოლიცია, დასუფთავების სამსახური ებრძოდა, ხევდნენ ჩვენს პლაკატებს, არამედ ბიზნეს კომპანიაც. გავაგრძელებთ კომპანია ალმასთან სასამართლოში დავას".- ამბობს გიორგი ნონიაშვილი. 


ევროპული საქართველოს ბანერის გაკვრამდე 1 დღით ადრე სარეკლამო კომპანია ალმამ პარლამენტს მიმართა და სიძულვილის ენის შემცველი რეკლამის განთავსების აკრძალვა მოითხოვა. 8 ოქტომბერს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა შპს ალმას საკანონმდებლო წინადადების იდეას, რომლის თანახმად საარჩევნო კოდექსში ან სხვა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში უნდა შევიდეს ცვლილებები, რომლებიც შეზღუდავს/აკრძალავს თვითმმართველ ქალაქებსა და სხვა მუნიციპალიტეტებში საარჩევნო და საზოგადოებრივ პოლიტიკურ სფეროში სიძულვილის ენის შემცველი ბანერების განთავსებას.

"ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი თანხმდება, რომ სიძულვილის, ზიზღის და ღირსების შემლახველი ენით საუბარი წინასაარჩევნო პროცესში მიუღებელია. საკანონმდებლო წინადადება არ არის კანონპროექტის სახით წარმოდგენილი, რომელიც ჩვენ შეგვზღუდავდა მსჯელობაში, ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ავიღოთ იდეა, კონცეფცია და შინაარსი, რაც არის ჩადებული ამ წინადადებაში და ის ვაქციოთ საფუძვლად ამ საკითხზე მსჯელობისას. აღნიშნული საკითხი მხოლოდ  წინასაარჩევნო პროცესის დროს დარეგულირდება, თუ  წინასაარჩევნო პროცესის მიღმაც,  ეს მსჯელობის შედეგად გამოიკვეთება“. - თქვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.


მას შემდეგ, რაც ალმამ ოპოზიციის წევრებისა და კრიტიკული მედიის მენეჯერების გამოსახულებით "სისხლიანი" ბანერები გამოაკრა, ევროპულმა საქართველომ კომპანიას მიმართა, "იმავე სტანდარტით" ნებისმიერ ცენტრალურ მაგისტრალზე მათი ბანერიც გაეკრათ.  

თუმცა, ვადის ამოწურვამდე 1 დღით ადრე ალმამ განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ "სისხლიან ბანერებს" საზოგადოების მხრიდან "სამართლიანი და ობიექტური ხასიათის" ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა, აგრესიის გამომხატველ ქმედებებს ემიჯნებიან და მათი როლი მხოლოდ დამკვეთებისგან სარეკლამო ბანერების მიღება და ბილბორდებზე განთავსებაა. განცხადების მიხედვითვე, პარლამენტის მიერ ცვლილებების შეტანამდე კომპანია უარს ეტყვის ნებისმიერ დამკვეთს სარეკლამო ბილბორდებზე "სიძულვილის ენის შემცველი და საზოგადოების პოლარიზაციისადმი მიმართული სარეკლამო კონტენტის" განთავსებაზე. 


არჩევნების მეორე ტურამდე 2 კვირით ადრე პარლამენტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებაზე მუშაობას იწყებს. უმრავლესობის დეპუტატების მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, კამპანიის დროს არჩევნებში მონაწილე სუბიექტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შემქმნელი სააგიტაციო და სარეკლამო მასალის გავრცელება იკრძალება და დარღვევაზე ჯარიმები წესდება. კანონპროექტი ბიუროს 18 ოქტომბრის სხდომაზე დარეგისტრირდება. 

კომენტარები