საარჩევნო კოდექსი

საარჩევნო სუბიექტის მიმართ უარყოფითი რეკლამის გავრცელება დაჯარიმდება – ოცნების კანონპროექტი

არჩევნების მეორე ტურამდე 2 კვირით ადრე პარლამენტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებაზე მუშაობას იწყებს. უმრავლესობის დეპუტატების მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, კამპანიის დროს არჩევნებში მონაწილე სუბიექტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შემქმნელი სააგიტაციო და სარეკლამო მასალის გავრცელება იკრძალება და დარღვევაზე ჯარიმები წესდება. კანონპროექტი ბიუროს 18 ოქტომბრის სხდომაზე დარეგისტრირდება. 

"დარეგულირდება წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ზოგადად, რომ აიკრძალოს ნებისმიერი საარჩევნო სუბიექტის და კანდიდატის მიმართ რაიმე ტიპის უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვა და შესაბამისი სანქციებით დადგინდება, რომელიც იქნება ცესკოს თავმჯდომარის და შესაბამისი საოლქო კომისიების წარმომადგენლების მიერ. ამით ბუნებრივია, ჩვენ გვინდა, რომ კიდევ ერთხელ გავაუმჯობესოთ საარჩევნო გარემო,“ - აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი. 

საარჩევნო კოდექსის გარდა, ცვლილება შევა მაუწყებლობის შესახებ კანონში. უმრავლესობის ინიციატივით, აიკრძალება ისეთი წინასაარჩევნო რეკლამის გავრცელება, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად. კანონპროექტით დგინდება, რომ პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის მიერ ან პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის დაკვეთით გავრცელებული წინასაარჩევნო რეკლამა არ უნდა შეიცავდეს სხვა პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის გამოსახულებას, სახელწოდებას, რიგით ნომერსა და სიმბოლიკას.


ევროპული საქართველოს ბანერის გაკვრამდე 1 დღით ადრე სარეკლამო კომპანია ალმამ პარლამენტს მიმართა და სიძულვილის ენის შემცველი რეკლამის განთავსების აკრძალვა მოითხოვა. 8 ოქტომბერს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა შპს ალმას საკანონმდებლო წინადადების იდეას, რომლის თანახმად საარჩევნო კოდექსში ან სხვა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში უნდა შევიდეს ცვლილებები, რომლებიც შეზღუდავს/აკრძალავს თვითმმართველ ქალაქებსა და სხვა მუნიციპალიტეტებში საარჩევნო და საზოგადოებრივ პოლიტიკურ სფეროში სიძულვილის ენის შემცველი ბანერების განთავსებას.

"ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი თანხმდება, რომ სიძულვილის, ზიზღის და ღირსების შემლახველი ენით საუბარი წინასაარჩევნო პროცესში მიუღებელია. საკანონმდებლო წინადადება არ არის კანონპროექტის სახით წარმოდგენილი, რომელიც ჩვენ შეგვზღუდავდა მსჯელობაში, ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ავიღოთ იდეა, კონცეფცია და შინაარსი, რაც არის ჩადებული ამ წინადადებაში და ის ვაქციოთ საფუძვლად ამ საკითხზე მსჯელობისას. აღნიშნული საკითხი მხოლოდ  წინასაარჩევნო პროცესის დროს დარეგულირდება, თუ  წინასაარჩევნო პროცესის მიღმაც,  ეს მსჯელობის შედეგად გამოიკვეთება“. - თქვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.


მას შემდეგ, რაც ალმამ ოპოზიციის წევრებისა და კრიტიკული მედიის მენეჯერების გამოსახულებით "სისხლიანი" ბანერები გამოაკრა, ევროპულმა საქართველომ კომპანიას მიმართა, "იმავე სტანდარტით" ნებისმიერ ცენტრალურ მაგისტრალზე მათი ბანერიც გაეკრათ.  

თუმცა, ვადის ამოწურვამდე 1 დღით ადრე ალმამ განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ "სისხლიან ბანერებს" საზოგადოების მხრიდან "სამართლიანი და ობიექტური ხასიათის" ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა, აგრესიის გამომხატველ ქმედებებს ემიჯნებიან და მათი როლი მხოლოდ დამკვეთებისგან სარეკლამო ბანერების მიღება და ბილბორდებზე განთავსებაა. განცხადების მიხედვითვე, პარლამენტის მიერ ცვლილებების შეტანამდე კომპანია უარს ეტყვის ნებისმიერ დამკვეთს სარეკლამო ბილბორდებზე "სიძულვილის ენის შემცველი და საზოგადოების პოლარიზაციისადმი მიმართული სარეკლამო კონტენტის" განთავსებაზე. 

კომენტარები