გირგვლიანის საქმე

იურისტები ხელისუფლებას გირგვლიანის საქმეზე ორმაგ სტანდარტების გამოყენებაში ადანაშაულებენ

სანდრო გირგვლიანი

იურისტები ხელისუფლებას გირგვლიანის საქმეზე ორმაგ სტანდარტების გამოყენებაში ადანაშაულებენ. 15 იურისტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქმეზე დაიწყო ხელახალი გამოძიება და პასუხისმგებლობაში მიეცნენ მაღალი თანამდებობის პირები - მათ შორის შსს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის თავმჯდომარე - ბაჩო ახალია და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 

თუმცა იურისტები აცხადებენ, რომ დღემდე არ დამდგარა იმ სამართალდამცავი სისტემის თანამშრომლების პასუხისმგებლობა, ვინც გირგვლიანის საქმე გააყალბა. 

იურისტები აცხადებენ, რომ აღნიშნული მეტყველებს იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ წინა ხელისუფლების მანკიერი სამართალდაცვითი სისტემა გამდმოიბარა თავისი ფიგურანტებით და დღეს თავის სასარგებლოდ ამუშავებს". 

"2019 წლის 27 ივლისს ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ (კონსტიტუციის 42-ე მუხლის) მიერ გამოქვეყნდა კვლევა რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ როგორ გაამრუდეს მოსამართლეებმა მართლმსაჯულება გირგვლიანის საქმეზე. ეჭვს არ უნდა იწვევდეს ის გარემოება, რომ ეს გაყალბება მოხდა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან წინასწარი შეთანხმებით.  

სამოქალაქო სექტორმა არაერთგზის მოუწოდა ხელისუფლებას რომ დაეყენებინა გირგვლიანის მოსამართლეების პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა მოხდა პირიქით, გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლეები ნაირა გიგიტაშვილი და ლევან მურუსიძე უვადოდ დაინიშნენ.  

დღეს როდესაც გირგვლიანის საქმის ირგვლივ საზოგადოებრივი ინტერესი კვლავ გამოცოცხლდა, იურისტები ხელისუფლებას კვლავ მოუწოდებენ აირიდოს ორმაგი სტანდარტით მოქმედება და სამართალდამცავი სისტემა გაათავისუფლოს იმ საქმის ფიგურანტებისგან რომელიც მძიმე ლაქად ადევს ქართულ მართლმსაჯულებას".- წერია განცხადებაში. 

 ხელმომწერი იურისტები:

  • კახა წიქარიშვილი,
  • კახა კოჟორიძე,
  • მაია ბაქრაძე
  • ირაკლი კორძახია
  • ეკატერინე ციმაკურიძე
  • ბესიკ ლოლაძე
  • გიორგი ცობეხია
  • ირმა კაკიაშვილი
  • თამარ გეგელია
  • ირაკლი გაბრიჩიძე
  • ხათუნა გრიგალაშვილი
  • ირაკლი შავაძე
  • თამარ ხიდაშელი
  • უჩა ნანუაშვილი 

კომენტარები