გირგვლიანის საქმე

ადეიშვილი: გირგვლიანის საქმე უფრო ღია უნდა ყოფილიყო, რეაგირება დავაგვიანეთ

გირგვლიანის საქმეს სერიოზული პრობლემები ჰქონდა გამჭვირვალეობასთან დაკავშირებით - ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

ადეიშვილის თქმით, გირგვლიანის საქმეზე დაგვიანებულმა რეაგირებამ და ამ საქმის ნაკლებმა ღიაობამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ ამომრჩეველის ნდობა შეამცირა. მისი თქმით, უკეთესი იქნებოდა, რომ მოქალაქეებს აღნიშნულ საქმეზე ყოველდღიური ინფორმაცია ჰქონოდათ.

"თავისთავად ეს ფაქტი იყო ძალიან მძიმე. ეს იყო ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი, რომელიც მაშინ ჩვენი ხელისუფლების მიმართ გაჩნდა. ამ ფაქტზე არანაკლებ მძიმე იყო ის ნაბიჯები და დაგვიანებული რეაგირება, რაც ამის შემდეგ გვქონდა. ვერ მოვახერხეთ უფრო გამჭვირვალე და ღია გამოძიების ჩატარება. შესაბამისად, ვერ შევძელით ის, რომ საზოგადოება დაგვერწმუნებინა, რომ ყველა ის დამნაშავე, რომელიც ამ ფაქტში მონაწილეობდა, დაისაჯა. ამის შედეგად მივიღეთ ის, რომ ამომრჩეველში ჩვენს ნდობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაჩნდა. 

ჩვენ მაშინ ვთვლიდით, რომ ვაკეთებდით ყველაფერს, რომ ეს საქმე მთლიანად გამოგვეძიებინა, მაგრამ ამ საქმეს სერიოზული პრობლემები ჰქონდა გამჭვირვალეობასთან დაკავშირებით, ღიაობასთან დაკავშირებით. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ის მაშინ მთლიანად ღია ყოფილიყო მოქალაქეებისათვის, მიგვეწოდებინა ყოველდღიური ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა ადეიშვილმა.

კომენტარები