არჩევნები 2021

საია: ცესკომ კუჭავას უბანზე ოცნების სიმბოლიკით მისვლის გამო სამართლებრივი ოქმი შეუდგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების დღეს, 2 ოქტომბერს საარჩევნო უბანზე ქართული ოცნების სიმბოლიკის მქონე პირბადით მისვლის გამო პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.

"2021 წლის 02 ოქტომბერს, კენჭისყრის დღეს, N02.02.76 საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად გამოცხადდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა. როგორც მედიით გავრცელებული ფოტო/ვიდეო მასალით დასტურდება, კენჭისყრის შენობაში კახა კუჭავა იმყოფებოდა პირბადით, რომელზეც დატანილი იყო ქართული ოცნების სიმბოლიკა. ამ ფაქტზე საიამ, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, საჩივრით მიმართა საარჩევნო ადმინისტრაციას და მოითხოვა შესაბამისი რეაგირება". – ნათქვამია საიას განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12 ოქტომბერს ზეპირი მოსმენით განიხილა საიას საჩივარი. შედეგად, კუჭავას მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმი აგიტაციის წესების დარღვევის ფაქტზე და საქმე განსახილველად გადაეგზავნა სასამართლოს.

2 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა არჩევნებზე მივიდა პირბადით, რომელზეც ქართული ოცნების სიმბოლიკა იყო გამოსახული. ფაქტი დაგმო და აგიტაციად შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმაც (ISFED).

კომენტარები