თურქეთი ბათუმში გარდაცვლილთა ოჯახებსა და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს

wikimedia.org

თურქეთის რესპუბლიკა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში კორპუსის ჩემონგრევისას გარდაცვლილთა ოჯახების მიმართ. ინფორმაციას თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო FACEBOOK-ზე აქვეყნებს.

"გვსურს ღრმა მწუხარება გამოვთქვათ ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების ოჯახებისა და მეგობარი საქართველოს ხალხის მიმართ. დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას  ვუსურვებთ". - აღნიშნულია განცხადებაში.

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ჯამში 9 ადამიანია გარდაცვლილი. შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ნანგრევებში არცერთი დაკარგული აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდა. მისივე თქმით, მშენებლები ვარაუდობენ, რომ კორპუსის ნაწილი, შესაძლოა, კიდევ ჩამოიშალოს

მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 10 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 2 ცოცხალი, თუმცა ქალი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.  გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია.

უფრო ადრე მაშველებმა ნანგრევებიდან ორი მცირეწლოვანი ცოცხლად გამოყვანა შეძლეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. უწყებამ გამოძიებით დაადგინა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

ბათუმში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

 

 


 

კომენტარები