ბათუმი

ილია II ბათუმზე: ვლოცულობთ გარდაცვლილთათვის, ყველა ამ ტკივილის თანაზიარია და შეძრულია

საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე, ბათუმში,  26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს ავრცელებს. 

"დიდია მწუხარება, რომელიც ახლახანს  ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა.

გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა  ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დაზარალებულთ, ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს. დღეს  ყველა ამ ტკივილის თანაზიარია და შეძრულია მომხდარით.

ვლოცულობთ  გარდაცვლილთათვის. მათი სულების საოხად არაერთი პანაშვიდი იქნა გადახდილი. კვირას, წირვის შემდეგაც, აღევლინება ლოცვა, მათ შორის, სამების საკათედრო ტაძარში.

შევთხოვ ღმერთს, მოგვცეს გამძლეობა, მოგვანიჭოს თვისი წყალობა და  მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი".- აღნიშნულია წერილში. 

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ჯამში 9 ადამიანია გარდაცვლილი. შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ნანგრევებში არცერთი დაკარგული აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდა. მისივე თქმით, მშენებლები ვარაუდობენ, რომ კორპუსის ნაწილი, შესაძლოა, კიდევ ჩამოიშალოს

მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 10 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 2 ცოცხალი, თუმცა ქალი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.  გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია.

უფრო ადრე მაშველებმა ნანგრევებიდან ორი მცირეწლოვანი ცოცხლად გამოყვანა შეძლეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. უწყებამ გამოძიებით დაადგინა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

ბათუმში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

კომენტარები