ბათუმი

გომელაური ბათუმზე: თითქმის დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიდევ 3 ადამიანს ვეძებთ

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში კიდევ 3 ადამიანს ეძებენ.

"სამწუხაროდ, 5 ადამიანი იქნა ნანახი, 5-ვე გარდაცვლილი გადასვენებულია პროზექტურაში. ჩვენი ინფორმაციით, თითქმის დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვეძებთ კიდევ 3 ადამიანს და მეტი არ უნდა იყოს წესით, რაც ჩვენ ოპერატიული ინფორმაცია გვაქვს". – თქვა გომელაურმა.

გომელაური ასევე არ გამორიცხავს, რომ გამოძიების პროცესში დაკავებულთა წრე გაფართოვდეს.

ბოლო მონაცემებით, ნანგრევებიდან სულ 5 გარდაცვლილი ამოიყვანეს, ორი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამოყვანილი ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი - კლინიკის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის საავადმყოფოში გულის გაჩერებით, სისხლდენითა და კიდურების დაზიანებით შეიყვანეს.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. უწყებამ გამოძიებით დაადგინა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

კომენტარები