ბათუმი

გომელაური: ნანგრევებში 10-ზე მეტი ადამიანი არ უნდა იყოს, ზუსტ რაოდენობას ვერ გეუბნებით

შსს

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ბათუმში კორპუსის ნანგრევებში, სავარაუდოდ, 10-მდე ადამიანია მოყოლილი. მისივე თქმით, რაოდენობას ვერ აზუსტებენ.  

"10-ზე მეტი ადამიანი არ უნდა იყოს მოყოლილი. ვერ ვადასტურებთ რაოდენობას, იქიდან გამომდინარე, რომ, შეიძლება, სტუმრად იყო ვინმე, დაკეტილი ბინა იყო და მცხოვრებლები თბილისში არიან, ისინი ვერ გვიდასტურებენ, ბინაში ვინმე იყო თუ არა. არის შემთხვევა, როდესაც აცხადებენ, რომ ნათესავს ჰქონდა გასაღები - ნათესავი ამბობს, რომ არავინ შეუშვია, თუმცა ამას ვერ ვადასტურებთ. აქედან გამომდინარე, ზუსტ რაოდენობას ვერ გეუბნებით". - ამბობს ვახტანგ გომელაური. 

გომელაურის ინფორმაციით, მაშველებმა, სავარაუდოდ, ადამიანის ცხედარი იპოვეს.  

მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს - კაცი და ქალი.  ამოყვანილი ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი - კლინიკის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის საავადმყოფოში გულის გაჩერებით, სისხლდენითა და კიდურების დაზიანებით შეიყვანეს. როგორც მისი ქმარი ამბობს, ნანგრევებში მათი მცირეწლოვანი შვილები რჩებიან. 

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გომელაურის ინფორმაციით, სახლის ჩამონგრევის მიზეზებთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გაჩნდა, მათ შორის გაზის აფეთქებაც, თუმცა უწყება მთავარ ვერსიად ქვევით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს განიხილავს

კომენტარები