ბათუმი

"თითქოს ბავშვების ხმა ისმისო, არცერთი მინახავს" – ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის ქმარი

ბათუმელები/კადრი ვიდეოდან

ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის ქმარი ამბობს, რომ ნანგრევებში მისი შვილები რჩებიან. გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებს მათი ხმა ესმით, თუმცა, კაცი ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და არცერთი უნახავს. 

"ძალიან შეუძლოდაა, დამტვრეულია. ღმერთის წყალობით, ცოცხალია. ახლა ბავშვებსაც გამოვიყვანთ, ღმერთით. ბავშვების ხმა თითქოს ისმისო, მაგრამ მე არ ვიცი, არ მინახავს არცერთი". - ამბობს ის. 

ქალის მდგომარეობა, კლინიკის ინფორმაციით, უკიდურესად მძიმეა - ის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გულის გაჩერებით შეიყვანეს. მანამდე, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაშველებმა ბათუმში ნანგრევებიდან ქალი და მცირეწლოვანი ბავშვები ცოცხალი იპოვეს.  

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, კორპუსის ნანგრევებში, დაახლოებით, 10-15 ადამიანია მოყოლილი. გომელაურის ინფორმაციით, სახლის ჩამონგრევის მიზეზებთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გაჩნდა, მათ შორის გაზის აფეთქებაც, თუმცა უწყება მთავარ ვერსიად ქვევით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს განიხილავს

კომენტარები