არჩევნები 2021

ევროპარლამენტარები: არსებობს რისკი, რომ საარჩევნო დარღვევები ნელ-ნელა მისაღები გახდეს

ანდრიუს კუბილიუსი/რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარებმა, ანდრიუს კუბილიუსმა და რასა იუკნევიჩიენემ 2 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და საქართველოს მე-3 პრეზიდენტის დაპატიმრების შესახებ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. 

ევროპარლამენტარების შეფასებით, ისინი იზიარებენ საერთაშორისო დამკვირვებლების ზოგად შეფასებას, რომ არჩევნები ტექნიკურად გამართული იყო, თუმცა, ეს ყველაფერი "გააფუჭა" მუდმივმა ბრალდებებმა დაშინების, შანტაჟის, ზეწოლისა და რესურსების არათანაბარი გადანაწილების შესახებ. 

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ხელისუფლებას, დამკვირვებლების მიერ ხაზგასმული პრობლემები არჩევნების მე-2 ტურამდე აღმოიფხვრას. 

"ჩვენ ვიზიარებთ დამოუკიდებელი საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას, რომ 2021 წლის 2 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტექნიკურად კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა, გარემო მოწამლა ძალიან გავრცელებულმა და მუდმივმა ბრალდებებმა დაშინების, ხმათა მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლისა და უთანასწორო სივრცემ. 

ჩვენ ვიზიარებთ ODIHR-ის წუხილებს პოლარიზებულ მედიაგარემოზე, რესურსების გადანაწილების თვალსაჩინო დისბალანსსა და კამპანიის დაფინანსების არასაკმარის კონტროლზე, კამპანიებში ქალთა ნაკლები ხილვადობაზე, ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენებასა და ჟურნალისტებზე ზეწოლაზე. 

მმართველი პარტიის სასარგებლოდ რესურსების არათანაბარ გადანაწილებასთან ერთად, განსაკუთრებით შემაშფოთებელია პოლიტიკური გარემოს განგრძობადი პოლარიზაცია, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოებაზეც. ჩვენ ვეთანხმებით აშშ-ს საელჩოს განცხადებას, რომ არსებობს სახიფათო რისკი იმისა, რომ ესა, თუ სხვა საარჩევნო დარღვევები ნელ-ნელა მისაღები გახდეს, როგორც გარდაუვალი. 

ქართველი ამომრჩეველი იმსახურებს უფრო მაღალი სტანდარტის საარჩევნო პროცესს. დამოუკიდებელი დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები უნდა გამოსწორდეს არჩევნების მეორე ტურამდე, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი". – წერია წერილში

მიხეილ სააკაშვილის შესახებ ევროპარლამენტარები წერენ, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამი, რომ თუკი სააკაშვილი წესიერად არ მოიქცევა, მას სხვა მუხლებს დაუმატებენ და "სხვებსაც მივაყოლებთ", აჩვენებს, რომ მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმე ფაქტობრივად პოლიტიკურია და მსგავს განცხადებას ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში მთავრობის წარმომადგენლის სასწრაფო გადადგომა მოყვებოდა.

კომენტარები